Accessibility links

აშშ-ის ელჩი საქართველოში მარნეულში ჩავიდა


"მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები მარნეულში, როგორც საარჩევნო დამკვირვებელი და მიხარია, რომ ვხედავ არჩევანის გასაკეთებლად მოსულ ხალხს..."

ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მარნეულში ჩავიდა და რამდენიმე საარჩევნო უბანში არჩევნების პროცესს გაეცნო.

როგორც დეგნანი ამბობს, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები წყნარ გარემოში, დარღვევების გარეშე ჩატარდეს:

"მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები მარნეულში, როგორც საარჩევნო დამკვირვებელი და მიხარია, რომ ვხედავ არჩევანის გასაკეთებლად მოსულ ხალხს. რაც მთავარია, ისინი იცავენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ წესებს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, დაცული იყოს თავისუფლად ხმის მიცემის, საკუთარი ლიდერის არჩევის უფლება და შემდგომ, მათი ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა ხალხის წინაშე. სამართლიან არჩევნებში ადგილი არ უნდა ჰქონდეს ამომრჩეველთა დაშინებას, ხმათა მოსყიდვებს და სხვა რაიმე სახის იძულებას. ჩემი დაკვირვებით, არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში და იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება. აუცილებლად, მიდით არჩევნებზე“.

მარნეულში, რამდენიმე საარჩევნო უბანზე, ინციდენტები მოხდა. შსს-ს განცხადებით, იქ მობილიზებულია პოლიცია და ადგილზე სწავლობს სიტუაციას.

საქართველო დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს.

საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და 127 სპეციალური უბანი კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ხმას გადასატანი ყუთებით მისცემენ.

საქართველოში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს პირველივე ტურში გასამარჯვებლად სჭირდებათ ხმების 50%-ზე მეტი.

რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG