Accessibility links

logo-print logo-print

CDD: კვლავ შეიმჩნევა ე.წ. "კოორდინატორების" მობილიზაციის მანკიერი პრაქტიკა


განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD), რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთი დამკვირვებელი ორგანიზაციაა, აღნიშნავს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებზე კვლავ გრძელდება მანკიერი პრაქტიკა და ეგრეთ წოდებული "კოორდინატორების" მობილიზების შემთხვევები საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლებიც "ჟურნალში" კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერების აღრიცხვას აწარმოებდნენ. ორგანიზაციამ კოორდინატორები დააფიქსირა გორის, ზუგდიდისა და მცხეთის მაჟორიტარულ სარჩევნო ოლქებში.

ცენტრი ყურდღებას ამახვილებს კორონავირუსის გამო დაწესებული წესების დარღვევაზეც საარჩევნო უბნებზე. კერძოდ, რიგ საარჩევნო უბნებზე არ ხდება შენობაში შემსვლელ უფლებამოსილ პირთა თერმოსკრინინგი და იდენტიფიცირების მიზნით პირბადის დროებით მოხსნაზე მითითება. აგრეთვე რიგ უბნებზე არ არის განთავსებული დეზობარიერი. კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების შეუსრულებლობა ორგანიზაციამ დიდუბისა და რუსთავის მაჟორიტარულ ოლქში შემავალ საარჩევნო უბნებზე დააფიქსირა.

კიდევ ერთი დარღვევა, რაზეც ორგანიზაცია საუბრობს, საარჩევნო უბანზე შემსვლელ პირთა უკანონო ფოტოგადაღებაა ერთ-ერთი მედია საშუალების მიერ ოზურგეთის მაჟორიტარულ ოლქში შემავალ საარჩევნო უბნებზე. ამომრჩეველთან შეთანხმების გარეშე მისი გადაღება არჩევნებზე მისულ პირთა იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა და ფარული კენჭისყრის უფლების დარღვევას წარმოადგენს.

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის მიერ დღის 10:30-სთვის დაფიქსირებული პროცედურული დარღვევები ასეთია:

  • საარჩევნო უბანი ხმის მიცემისთვის დაგვიანებით გაიხსნა - გორის და ბათუმის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქში შემავალ უბნებზე
  • რეგისტრატორებისთვის საარჩევნო ბიულეტენების გადაცემის წესის დარღვევა - ქუთაისის ერთერთ საარჩევნო უბანზე
  • ამომრჩეველთა სამაგიდო სიების ფოტოვიდეოგადაღება - ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე
  • ფოტოვიდაოგადაღების წესების დარღვევა - რუსთავის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე
  • კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსებაოზურგეთის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე
  • კენჭისყრის კაბინაში ხმის მიცემის პროცესში არაუფლებამოსილი პირის შესვლის მცდელობა - ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს, საერთაშორისო ორგანიზაცია დემოკრატიის, მედიისა და კულტურული გაცვლის ინსტიტუტთან (IDEM) პარტნიორობით, ერთობლივი სადამკვირვებლო მისიით აკვირდება.

100 კაციანი ერთობლივი სადამკვირვებლო მისია კენჭისყრის დღის მონიტორინგს დამკვირვებელთა მობილური ჯგუფების მეშვეობით ახორციელებს. მობილური ჯგუფები აკვირდებიან საარჩევნო უბნის გახსნის, კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესს, როგორც საქართველოს 10-ივე რეგიონში, აგრეთვე საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე (აშშ-სა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG