Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუბა კიკაბიძემ ხმა მისცა კარგ ცხოვრებას


"ძალა ერთობაშიას" პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძემ, ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ მოკლე კომენტარი გააკეთა. „უნდა მოვიგოთ“, ასეთია მისი განწყობა:

„ხმა მივეცი კარგ, ნორმალურ ცხოვრებას, მორჩა“.

თავდაპირველად მომღერალსა და მის თანმხლებ პირებს საარჩევნო უბანი შეეშალათ და კომისიის წევრმა მის სახელსა და გვარს სიაში ვერ მიაგნო. როგორც გაირკვა, ბუბა კიკაბიძეს ხმა იმავე შენობაში განთავსებულ სხვა უბანში უნდა მიეცა.

საქართველო დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს.

საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და 127 სპეციალური უბანი კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ხმას გადასატანი ყუთებით მისცემენ.

საქართველოში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს პირველივე ტურში გასამარჯვებლად სჭირდებათ ხმების 50%-ზე მეტი.

რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG