Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

17 საათის მონაცემებით, საოლქო კომისიებში 165 საჩივარია შესული


17:00 საათის მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ შესულია 165 საჩივარი და მათი უმრავლესობა პროცედურულ ხარვეზებს წარმოადგენს, - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ. მისი თქმით, კონკრეტულად მარკირების შემოწმებასთან დაკავშირებით 11 საჩივარი დაიწერა:

„კერძოდ, არ ხდებოდა ამ 11 შემთხვევაში მარკირების შემოწმება ამომრჩევლებისთვის. საჩივარი დაწერილია და ადმინისტრაციას ექნება შესაბამისი რეაგირება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამის შემდეგ ამ კონკრეტულ უბნებზე მსგავსი ფაქტები აღარ დაფიქსირებულა“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ. რაც შეეხება სხვა დარღვევებს, მან ყურადღება გაამახვილა საკონტროლო ფურცლის არასწორად ან არასრულყოფილად შევსების ფაქტებზე, რომლებიც გარდაბნის 52-ე უბანზე, ნაძალადევის მე-13 საარჩევნო უბანსა და წყალტუბოს 64-ე უბანზე დაფიქსირდა. საჩივრები ასევე დაწერილია ხმის მიცემის პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებითაც, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ბრიფინგზე მან კომენტარი გააკეთა ასევე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გლდანში, ერთ-ერთ უბანზე, უბნის გარეთ იარაღის გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა. ანა მიქელაძის განმარტებით, ფაქტი სამწუხაროა, მაგრამ იგი ცესკოს კომპეტენციას სცდება:

„არსებობს შესაბამისი უწყებები, რომლებიც ამ საკითხზე მოახდენენ რეაგირებას“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

საქართველო დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს.

საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და 127 სპეციალური უბანი კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ხმას გადასატანი ყუთებით მისცემენ.

საქართველოში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს პირველივე ტურში გასამარჯვებლად სჭირდებათ ხმების 50%-ზე მეტი.

რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG