Accessibility links

ალეკო ელისაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, უარი თქვან საპარლამენტო მანდატებზე


პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ოპოზიციას, რომელმაც, ოფიციალური მონაცემებით, საარჩევნო ზღვარი გადალახა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მოუწოდებს, უარი თქვან მანდატებზე, რათა დაინიშნოს განმეორებითი არჩევნები.

„გუშინ ჩატარდა ამაზრზენი არჩევნები. ტოტალური გაყალბების პირობებში მიმდინარეობდა... საჭიროა, რომ ყველამ უარი ვთქვათ მანდატებზე. და ამით შევქმნათ კონსტიტუციური, სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ არ ჩატარდეს პარლამენტის სხდომა, არ იყოს ცნობილი უფლებამოსილება მე-10 მოწვევის პარლამენტის და ავტომატურად, კონსტიტუციის შესაბამისად, დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები“, - განაცხადა ელისაშვილმა 1 ნოემბრის ბრიფინგზე

მისივე თქმით, აუცილებელია, განმეორებითი არჩევნები დაინიშნოს და ჩატარდეს ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.

„არჩევნების გამყალბებელ, თავლაფდასხმულ ადამიანს, თამარ ჟვანიას, არ აქვს არანაირი უფლება [არჩევნების ჩატარების]“, - თქვა მან.

ოპოზიციური პარტიები ლეიბორისტული პარტიის ოფისში იკრიბებიან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების განსახილველად და საერთო სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად. ისინი პროტესტს გამოხატავენ, მათივე განცხადებით, უხეშ დარღვევებზე არჩევნების დღეს. ნაწილი კი პირდაპირ ეჭვქვეშ აყენებს შედეგების ლეგიტიმაციას.

31 ოქტომბრის არჩევნებში, ოფიციალური, 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 48.12% მიიღო „ქართულმა ოცნებამ“. საერთო ჯამში, პარლამენტში 9 პარტია შედის, მათ შორის, ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“.

განსხვავებულ მონაცემებს აქვეყნებს „სამართლიანი არჩევნები“, რომელიც ხმებს პარალელურად ითვლის. ორგანიზაციის ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 45,8% მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG