Accessibility links

logo-print logo-print

მედიცინის ფაკულტეტის 1844-მა სტუდენტმა Covid-19-ის მართვის სწრაფი კურსი გაიარა


საილუსტაციო ფოტო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მედიცინის ფაკულტეტის 1844-მა მაღალკურსელმა სტუდენტმა Covid-19-ის მართვის მიზნით გადამზადების სწრაფი კურსი გაიარა.

გადამზადების პროგრამის მთავარი მიზანი სამედიცინო პერსონალის სარეზერვო ბაზის შექმნაა. სამინისტროს ინფორმაციით, „გადამზადებულ სტუდენტებს კოვიდსიტუაციის მართვის პროცესში საჭიროების შემთხვევაში მედპერსონალის დახმარების მზაობა აქვთ“. სტუდენტთა გადამზადების პროგრამა სისტემურად გაგრძელდება.

„ერთკვირიანი ტრენინგ-კურსი სრულად მორგებულია პანდემიის მართვის პროცესში სამედიცინო პერსონალის დამხმარე მოხალისე სტუდენტთა საჭიროებებსა და გამოწვევებზე. პროგრამა მოიცავს კორონავირუსის მართვის კუთხით სხვადასხვა მიმართულებებსა და თემატურ ლექციებს, მათ შორის, მედპერსონალის პირად უსაფრთხოებას, Covid-19-ის შემთხვევების მართვას, პანდემიის პირობებში ეფექტურ კომუნიკაციას, ინფიცირებულთა ფსიქო-სოციალურ დახმარებასა და ინფიცირებულთა კონტაქტების დადგენას“, - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გადამზადების პროცესს წარმართვენ ჯანდაცვის სამინისტროს საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრისა და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის – 112-ის ტრენერები.

იმის თაობაზე, რომ სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები სწრაფი კურსის ფარგლებში გადამზადდებოდნენ, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა 26 ოქტომბერს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე.

გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 1 852 შემთხვევა, რაც წინა დღესთან შედარებით, 61-ით მეტია. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 42 579 შემთხვევა. დღე-ღამის განმავლობაში 1696-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 26 800.

1852 ახალი შემთხვევიდან 650 თბილისიდანაა. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა 15 411-ია, მათგან მძიმე პაციენტი არის 519, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 ადამიანი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 342-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG