Accessibility links

logo-print logo-print

გიორგი რურუას ციხეში სცემეს - დაწყებულია გამოძიება


პენიტენციური სამსახური ადასტურებს ნაციონალური მოძრაობის წევრის სალომე სამადაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გიორგი რურუას საპატიმროში თავს დაესხნენ. სამსახურის განცხადებით, რურუას დღეს, 2 ნოემბერს ფიზიკურად დაუპირისპირდა 5 პატიმარი, როცა ის ადვოკატთან ვიზიტის მიზნით იყო გამოსული საკნიდან და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას. პენიტენციურ სამსახურის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გაიგზავნა შეტყობინება საგამოძიებო ორგანოში, დაიწყო გამოძიება.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად გიორგი რურუას აღენიშნება სისხლნაჟღენთები სახის არეში. რურუას დაწესებულების მორიგე ქირურგის მიერ მაშინვე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება.

"დაახლოებით 15:25 სთ-ზე, 1-ლი სარეჟიმო კორპუსის E-6 ფლიგელში (სადაც 24-საათიანი ელექტრონულ- ვიზუალური მეთვალყურეობა ხორციელდება) გადაადგილებისას მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდებულმა პ.ნ.-მ, რომელიც იმ დროს იმყოფებოდა იქვე მდებარე სამორიგეო ოთახში და ახორციელებდა სატელეფონო ზარს.

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში იქვე ახლოს მდებარე N76 საკანში (ბრალდებულ პ.ნ.-ს საკანში), ტარდებოდა საპირფარეშოს სარემონტო სამუშაო, რის გამოც საკნის კარი იყო ღია.

გიორგი რურუას მოცემულ ფლიგელში გადაადგილებისას, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ოფიცერმა მიხურა მითითებული საკნის კარი და იქვე დადგა. როდესაც პ.ნ.-სა და გიორგი რურუას შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, ოფიცერი გაიქცა მათ გასაშველებლად, ამ დროს საკნიდან გამოვიდნენ პ.ნ.-ს თანამესაკნეები: ნ.ო., დ.ძ., გ.ჯ. და გ.ც. და მათაც მაიყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა გიორგი რურუას. " - წერია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რურუა 2019 წლის ნოემბერში დააკავეს. ადვოკატების პოზიციაა, რომ მას იარაღი პოლიციამ ჩაუდო, საქმე გაყალბებულია და არანაირ მტკიცებულებებს არ ეფუძნება. რურუას ოპოზიციური პარტიები პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მისი გათავისუფლება იყო საარჩევნო საკითხებზე „ქართულ ოცნებასთან“ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილი. ამას უარყოფენ მმართველ პარტიაში, ისევე, როგორც გიორგი რურუას პოლიტპატიმრობას.

30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ ვალერიან ბუგიანიშვილმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა გიორგი რურუას მიმართ და მას სასჯელის სახედ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლომ გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და ტარებას გულისხმობს. ამასთანავე, ბრალდებულს კიდევ ერთი ბრალი ჰქონდა წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. მოსამართლემ მოცემულ ნაწილშიც ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG