Accessibility links

logo-print logo-print

ნიკა მელიას სასამართლომ გირაოს თანხის ოდენობა 70 000 ლარამდე გაუზარდა


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დალი მეტრეველმა გირაო 40 000 ლარით გაუზარდა, რაც შეადგენს 70 000 ლარს (მელიას აქამდე შეფარდებული ჰქონდა გირაო, 30 000 ლარი). „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ნიკა მელიას. გარდა ამისა, მელიას აუკრძალეს ქვეყნის დატოვება, საგამოძიებო ორგანოებისთვის შეტყობინების გარეშე. მელიამ თანხა უნდა გადაიხადოს 50 დღის განმავლობაში. მას ყველა სხვა შეზღუდვა მოუხსნეს, მათ შორის, ელექტრონული სამაჯურის ტარების ვალდებულება.

ნიკა მელიას ადვოკაატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესის შემდეგ განმარტა, რომ ნიკა მელიას გაუუქმდა ყველა ის შემზღუდავი ღონისძიება, რომლებიც, მისი შეფასებით, იყო არაკონსტიტუციური.

„ეს არის ელექტრონული მონიტორინგი, საჯარი სივრცეში სიტყვით გამოსვლა. მას დაუბრუნდა ყველა სახის დოკუმენტი, რომელიც ჰქონდა ჩაბარებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში მელიას ფაქტობრივად უკანონოდ ჰქონდა დაწესებული შეზღუდვები. ეს იყო უკანონო, ანტიკონსტიტუციური შეზღუდვები. თუ დღეს პროკურატურას მიაჩნია, რომ არ არსებობს მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და აქედან გამომდინარე მოითხოვეს შემზღუდავი ღონისძიებების გაუქმება, სხვა სამართლებრივი ლოგიკა ამას არ აქვს", - ამბობს ადვოკატი.

რაც შეეხება გირაოს თანხას, კონდახიშვილის თქმით, მოსამართლემ განმარტა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, მართალია, წერია მკაცრი ღონისძიებით შეცვლა, და იგულისხმა გირაოს თანხის გაზრდა. „ეს, რა თქმა უნდა, სადავოა, მოსამართლემ გირაოს ნაწილში თანხა გაზარდა 40 000-ით", - ამბობს კონდახიშვილი.

პროკურორის მიხეილ სადრაძის განმარტებით, კანონი ითვალისწინებს აღკვეთის ღონისძიების გამკაცრებას. მისი თქმით, ეს გულისხმობს, როგორც აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლას, ასევე - გირაოს ოდენობის გაზრდას.

ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური, რომელიც პროკურატურის მოთხოვნით დაუმაგრეს საჯაროდ, აქციაზე 2 დღის წინ მოიხსნა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, პროკურორმა სასამართლო პროცესზე უფრო დიდი თანხის, ჯამში 100 000 ლარის შეფარდება მოითხოვა.

შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც ბრალდებულის ფინანსურ მდგომარეობას ეხებოდა, პროკურორმა წარადგინა მელიას ქონებრივი დეკლარაცია და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. მისი თქმით, „ეს ინფორმაცია აკმაყოფილებს პროპორციულობის სტანდარტს".

მოსამართლე დაინტერესდა, მელიამ იცოდა თუ არა, რა მოჰყვებოდა სამაჯურის მოხსნას? პროკურორმა უპასუხა, რომ ოქმი ამის შესახებ გაფრთხილებასაც მოიცავს.

მელიას ადვოკატი ეთანხმება ყველა აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას, თუმცა გირაოს (70 000 ლარამდე) თანხის და საზღვრის კვეთის შეზღუვის წინააღმდეგია.

სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა თავად ბრალდებული. ის მოსამართლემ რამდენიმე თვის წინ გამართულ სხდომაზე გააძევა.

მელიას მოქმედება მაშინვე შეაფასა „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ. მან თქვა, რომ ნიკა მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის გადაგდება იყო არა მხოლოდ სამართალდარღვევა, არამედ მძიმე პროვოკაცია. მიუხედავად ამისა, კობახიძეს მიაჩნია, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით მისი დაკავება სწორი ნაბიჯი არ იქნებოდა.

ნიკა მელიას პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ელექტრონული სამაჯური 2019 წლის 3 ივლისს შეაბეს. ამ სამაჯურით მასზე ელექტრონული მონიტორინგი ხორციელდებოდა. მელიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 25 ივნისს წაუყენა, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG