Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექიმები: „ადგილები აღარ არის“ VS მთავრობა: „ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს“


„ეს კადრები იმის დადასტურებაა, რომ იცოდეს ყველამ, რა ხდება კლინიკებში, ადგილები აღარ არის, ექიმები ვეღარ აუდიან პაციენტებს, სათანადოდ მომზადებული ექიმები აღარ არიან, ამაზე ხმამაღლა რომ ვილაპარაკოთ, როგორ გგონიათ, სამსახურში დაგვტოვებს ვინმე? სიჩუმე რატომ ვარჩიეთ? რაც გვაქვს, იმასაც დავკარგავთ, მაგრამ თვალსაც ვეღარ ვხუჭავ“, - სწერს რადიო თავისუფლებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი, რომელმაც ერთ-ერთ რეგიონულ კოვიდკლინიკაში არსებული მძიმე ვითარების ამსახველი ფოტო-ვიდეომასალა გამოგვიგზავნა, თუმცა, სამსახურის დაკარგვის შიშით, ინტერვიუსა და ვიზუალური მასალის გამოქვეყნების ნებართვაზე უარი გვითხრა.

ამ ფონზე, 3 ნოემბერს, კოვიდპანდემიის გავრცელების პრევენციის საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა ინარჩუნებს „ძალიან კარგ, დადებით დინამიკას, იმ თვალსაზრისით, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა, არ არის ძალიან სწრაფი“ და ქვეყანას „გამოჯანმრთელების რაოდენობის ძალიან კარგი დინამიკა აქვს“.

არადა, მიუხედავად ვიცე-პრემიერის ოპტიმისტური განწყობისა, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ახალი შემთხვევების მზარდი რიცხვი, დამაიმედებელ პროგნოზებს ვერ იძლევა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც როგორც პაციენტები, ისე მედპერსონალი, ზოგი ღიად, ზოგიც კი ანონიმურად, სტაციონარებში შექმნილ რთულ მდგომარეობაზე ლაპარაკობენ, ამბობენ, რომ კლინიკები პაციენტებს ადგილების არარსებობის გამო ვეღარ იღებენ და სულ უფრო მატულობს შემთხვევები, როდესაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებს უწევთ რისკჯგუფში შემავალი პაციენტების ბინაზე დატოვება, რადგან საავადმყოფოებში მათთვის საწოლი არ არის.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ 3 ნოემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში ვირუსის რეპროდუქციული, ანუ გადადების მაჩვენებელი 1,38-ია, რაც ნიშნავს, რომ ერთ ინფიცირებულს შეუძლია დააინფიციროს ერთზე მეტი ადამიანი. ეს რიცხვი ცვალებადია და მას განაპირობებს ნაწილობრივ ვირუსის ბუნება, ნაწილობრივ კი, საზოგადოების ქცევისა და ჩვევების თავისებურებები. ვირუსის რეპროდუქციული მაჩვენებელი სახელმწიფოების მიერ გატარებული სხვადასხვა ღონისძიებისა და ინტერვენციის პირობებში იცვლება.

ეპიდემიოლოგების განცხადებით, როდესაც ვირუსის რეპროდუქციული მაჩვენებელი ერთს სცდება, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ვირუსის გავრცელება სახიფათო მასშტაბებს იძენს.

3 ნოემბერს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ითქვა, რომ ქვეყანაში „ლოკდაუნი“ არ იქნება. უფრო ზუსტად, როგორც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, „ყველაფერი დამოკიდებულია ვირუსზე, მაგრამ დღეის მდგომარეობით, არანაირ „ლოკდაუნსა“ და მსგავს მკაცრ შეზღუდვებზე ლაპარაკი არ არის“.

საკოორდინაციო საბჭომ, ამ ეტაპზე, მხოლოდ რამდენი ახალი რეგულაცია აამოქმედა.

  • პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება არა მარტო დახურულ, არამედ ღია სივრცეებშიც.
  • 4 ნოემბრიდან, საქართველოს 10 ქალაქში სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადიან. თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, მარნეულსა და გარდაბანში, ყველა კერძო და საჯარო სკოლა, 1-12 კლასის ჩათვლით, 25 ნოემბრამდე დისტანციურად გააგრძელებს სწავლის პროცესს. ამავე რეჟიმში დარჩებიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლები. საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, ერთი მხრივ, ასობით სკოლაში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის კვლავ საარჩევნო უბნები უნდა მოეწყოს, მეორე მხრივ კი, საბჭოს წევრები ელიან, რომ მობილობის შემცირება, COVID-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობის შემცირებასაც გამოიწვევს.
  • კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც 3 ნოემბერს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, ეხება რესტორნებისა და კაფეების სამუშაო საათებს. თუკი, 3 ნოემბრამდე, თბილისში, მცხეთაში, ბათუმსა და იმერეთის რეგიონებში რესტორნები და კაფეები სამუშაო დღეს ასრულებდნენ 22 საათზე, დღეიდან, ეს შეზღუდვა გავრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

ეპიდემიოლოგი მაია ბუწაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მხოლოდ რეგულაციების დაწესებით, ქვეყანაში არსებული სახიფათო ეპიდემიოლოგიური ვითარება ვეღარ შეიცვლება და ამ პროცესს თან უნდა ახლდეს როგორც აღსრულების, ისე პაციენტების კლინიკური მართვის სათანადო მექანიზმი.

მისი თქმით, გასულმა თვეებმა ცხადყო, რომ უკვე არსებული რეგულაციების კონტროლის მექანიზმის სისუსტემ, ქვეყანა რთული ეპიდემიოლოგიური გამოწვევის წინაშე დააყენა. მათ შორის, როგორც ზაფხულის პერიოდში მოდუნებულმა ყურადღებამ, ისე წინასაარჩევნო კამპანიამ, რომელმაც, ეპიდემიოლოგის შეფასებით, მიუხედავად გარკვეული მცდელობებისა, რეგულაციების სრული უგულებელყოფით ჩაიარა. მაია ბუწაშვილის თქმითვე, ჯანდაცვის სისტემამ დაკარგა ძვირფასი დრო პაციენტების კლინიკური მართვის მოსამზადებლად:

„ახლა მთავარია, აქცენტი გადავიტანოთ პაციენტების სწორად მართვაზე, რადგან თავად დაინფიცირება იმდენად დიდი ტრაგედია არ არის, მთავარია, რომ დანაკარგი გვქონდეს მინიმალური და სწორად ვმართოთ პაციენტები. პიკი, დიდი ალბათობით, ნოემბრის შუა რიცხვებში უნდა იყოს და ეს პიკი არ უნდა გადაიქცეს ჯოჯოხეთად. კლინიკურ მართვაში ჩვენ თავიდანვე ძალიან ბევრი შეცდომები დავუშვით. დროულად არ მოხდა საკმარისი რაოდენობის ონლაინკლინიკების შექმნა და ოჯახის ექიმების საკმარისი რაოდენობისა და სათანადოდ გადამზადება, რომლებიც ხაზზე იქნებიან პაციენტებთან. არასწორი იყო ჩვენი გადაწყვეტილება იმთავითვე, რომ ყველა, მათ შორის, უსიმპტომო პაციენტებიც, ლამის თვეობით გამოვკეტეთ კლინიკებში. გადავქანცეთ ექიმები უსიმპტომო პაციენტების დარაჯობით, ვიკეკლუცეთ რაღაც გაუგებარი მედიკამენტებით, რომ თითქოს, სპეციალური კოქტეილებით ვმკურნალობდით პაციენტებს და მთელი მსოფლიო შემოგვნატროდა, არადა, ამ პაციენტების უმეტესობა იყო მსუბუქი და მათ არანაირი განსაკუთრებული მკურნალობა არ სჭირდებოდათ. ამით ვქენით ის, რომ ადამიანებისთვის დღეს სიტყვა კოვიდი ავტომატურად ნიშნავს შიშის ზარს. ისინი მივაჩვიეთ, რომ ინფიცირების შემთხვევაში, აუცილებლად კლინიკებში უნდა წოლილიყვნენ და ახლა უცებ ვეუბნებით, რომ არა, თქვენ სახლში უნდა დარჩეთ და არაფერი განსაკუთრებული არ გჭირდებათ. ვეღარ ვითვლი, დღის განმავლობაში, რამდენი სასოწარკვეთილი ადამიანის ზარი შემომდის, რომლებიც დაუყოვნებლივ სტაციონარში გადასვლას მოითხოვენ და არის სრული ქაოსი“.

მაია ბუწაშვილის თქმით, ეპიდემიის არასწორი მართვა და, მათ შორის, სტაციონარებისა და სამედიცინო პერსონალის არასათანადო მომზადებაა მთავარი მიზეზი იმისა, რომ ჯანდაცვის სისტემას სულ უფრო მეტად უჭირს ინფიცირებული პაციენტების ნაკადის გაძლება. ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ ახლა, თავად ინფიცირებულების ქცევაც გადამწყვეტ როლს ითამაშებს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში:

„გასაგებია, რომ ეს ვირუსი ჩვეულებრივი, სტანდარტული რესპირაციული ვირუსი არ არის და შესაძლოა, მეტი გართულება ახლდეს თან, მაგრამ გვახსოვდეს, რომ უმეტეს შემთხვევაში, აუცილებლად იქნება თვითგანკურნება. უნდა შევინარჩუნოთ საღი აზრი და სწორად შევაფასოთ ჩვენი სიმპტომები და მხოლოდ იმ შემთხვევაში ვეცადოთ სტაციონარში დაწოლა, თუკი ექიმი გადაწყვეტს. სამწუხაროდ, უკვე ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც მსუბუქი პაციენტები, რომლებსაც არანაირი მკურნალობა არ სჭირდებათ, ხვდებიან კლინიკებში და ამ ფონზე, ისეთი პაციენტებიც ბევრია, რომლებიც რისკჯგუფებს განეკუთვნებიან და დღეების განმავლობაში ვერ ხვდებიან კლინიკებში. გარდა მთლიანად ჯანდაცვის სისტემისა, ახლა თითოეული ადამიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე გადის პანდემიის დამარცხების ხაზი“.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რომელიც მან 3 ნოემბერს გააკეთა, სისტემა „ეფექტურად მართავს ყველა იმ შემთხვევას, რომელიც დგინდება, ახდენს სწორ ტრიაჟს, ვისაც კლინიკაში განთავსება თუ კოვიდსასტუმროში ექიმის მეთვალყურეობა ესაჭიროება და ასევე მართავს ბინაზე დარჩენილ პაციენტებს“. მინისტრის თქმითვე, კიდევ უფრო ეფექტიანი რეაგირებისათვის, იგეგმება ონლაინკლინიკების დახვეწა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდებას მოქალაქეებისათვის, რომლებიც მკურნალობას ბინაზე გადიან.

3 ნოემბრის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 20 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 362-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 1 943 შემთხვევა, რაც წინა დღესთან შედარებით, 91-ით მეტია. დღე-ღამეში 1943 შემთხვევა ეპიდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 44 522 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელდა 68%. გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი 0,81%-ს შეადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG