Accessibility links

site logo site logo

ეკა გიგაური: ვითხოვთ ყველა იმ უბნის ხელახლა გადათვლას, რომელსაც ვასაჩივრებთ


ეკა გიგაური

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ამბობს, რომ ორგანიზაცია მოითხოვს გადაითვალოს ყველა ის უბანი, სადაც ხმების დაუბალანსებლობის გამო დაიწერა საჩივრები. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ მან განაცხადა, რომ ყველა უბანი, სადაც ხმების მეტობა ან ნაკლებობა იყო, უნდა გაბათილდეს და ახლიდან დაითვალოს, რაც იმის მინიმუმია, რისი გაკეთებაც შეიძლება:

„ცხადია, რომ აქ შედეგები შეიცვლება. მე არ ვიცი, რა პროცენტით, რომელი პარტიის სასარგებლოდ, ესეც არ ვიცით. შეიძლება სხვანაირი შედეგები მივიღოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ნდობა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით და ამ შედეგების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ეკა გიგაურმა. მისი თქმით, დაუბალანსებელი ოქმების შესწორების ოქმები უბნების გახსნისა და გადათვლის გარეშე, მხოლოდ რიცხვების ჩასწორებით იწერებოდა, რაც არჩევნებზე ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხი იყო.

„ცესკომ უნდა მოინდომოს და გააკეთოს ყველაფერი იმასთან დაკავშირებით, რომ კითხვები არ იყოს“, - თქვა ეკა გიგაურმა „დილის საუბრებში“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მომავალ პარლამენტში, რომელიც 31 ოქტომბერს აირჩია ამომრჩეველმა, „ქართულ ოცნებას“ უკვე აქვს 75 მანდატი. უმრავლესობის მოსაპოვებლად მას მხოლოდ 1 მანდატიღა სჭირდება. შედეგებს არ ეთანხმებიან ოპოზიციური პარტიები, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ახლად არჩეულ პარლამენტს არალეგიტიმურად თვლიან. ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე. მათ გუშინ, 3 ნოემბერს, არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნას მოაწერეს ხელი. არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიები ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG