Accessibility links

არჩილ თალაკვაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობისთვის" ის არჩევნებია დემოკრატიული, რომელშიც თვითონ იმარჯვებს


„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, საქართველოს პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „რადიკალური ოპოზიცია“ არჩევნებამდე საზოგადოებრვივ აზრს ესხმოდა თავს და იყო არალეგიტიმური ჩარევაც, მაგალითად, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და „კანონის დარღვევით მონაწილეობდა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიაში“, - ეს განცხადება არჩილ თალაკვაძემ მედიასთან საუბარში გააკეთა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები ამ საკითხებს ობიექტურად აფასებენ.

არჩილ თალაკვაძემ „ავანტიურისტული“ უწოდა განცხადებას იმის შესახებ, რომ სისხლისსამართლებრივი გამოძიება უნდა დაიწყოს ცესკოს თავმჯდომარის მიმართ, რომელმაც ხელი მოაწერა „გაყალბებულ ოქმებს“.

„თქვენ ნახეთ, რომ ყველა შესაძლო ხარვეზი, რომელსაც არ ექნებოდა შესაძლო გავლენა საბოლოო შედეგზე, მაინც არის სათანადო ყურადღების საგანი და ეს არის სამუშაო, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა გასწიოს, მათ აქვთ სრული საკანონმდებლო მხარდაჭრა. თუმცა, მგონი თქვენთვისაც ძალიან კარგად ცნობილია, რომ არაერთი საჩივრის განხილვის შედეგად „ქართულ ოცნებასაც“ მოემატა ხმების რაოდენობა, შესაბამისად, თუ ასეთი ცალკეული ხარვეზები იყო, არავის არ აქვს დღეს იმის უფლება, თქვას, რომ ეს იყო რომელიმე კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კითხვაზე, იმ პირობებში, როდესაც ოპოზიცია არ აპირებს პარლამენტში შესვლას, ექნება თუ არა ასეთ პარლამენტს ლეგიტიმაცია, არჩილ თალაკვაძემ უპასუხა, რომ ეს არის ოპოზიციის „კაპიტულაცია“ არჩევნების მეორე ტურის წინ.

„ჩვენ დღეს გვყავს რადიკალური ოპოზიცია - „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის „მთავარი დემოკრატიული ლოზუნგი“ არის ის, რომ არჩევნებში სანამ ჩვენ არ გავიმარჯვებთ, ის არ არის დემოკრატიული. ეს არის მათი პრეზუმფცია. ისინი ამბობენ, რომ თუ არჩევნებში არ გაიმარჯვებენ, ისე ის არ არის დემოკრატული, ასეთი მიდგომა არის აბსოლუტურად გაუმართლებელი, შესაბამისად, მათ მიერ მართული ცალკეული პროცესები, გუშინ ჩვენ ვნახეთ ცესკოსთან საპროტესტო აქცია, სადაც მოქალაქეები ქვებს ურტყამდნენ ცესკოს წინ აღმართულ კარს, სადაც, სამწუხაროდ, ვნახეთ ერთ-ერთი ტელევიზიის წარმომადგენელიც, როგორ ახდენდა თავდასხმას ქვებით ამ ბარიერზე, ხელისუფლება არ დაუშვებს დემოკრატიაზე თავდასხმას, საქართველოში საზოგადოება გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ არჩევნების გზით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი სიტყვებით, საქართველოში დემოკრატიასა და არჩევნების შედეგებზე თავდასხმა რუსეთის ინტერესებშია და საზოგადოებას მოუწოდებს, დაფიქრდნენ იმაზე, თუ „რას ემსახურებიან ის პარტიები, ვინც ამ სცენარს უცხადებენ მხარდაჭერას“.

ამასთან, მისი სიტყვებით, ოპოზიცია მეორე ტურში მონაწილებაზე უარს დამარცხების შიშით ამბობს და არა სხვა მიზეზით და ეს არის „პოლიტიკური კაპიტულაცია მეორე ტურის წინ, მათ იციან, რომ მეორე ტურებში დამარცხდებიან და ურჩევნით, არ მიიღონ მონაწილეობა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

3 ნოემბერს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG