Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა Telegram-ის არხ Nexta-ს შემქმნელების წინააღმდეგ


სციაპან პუცილა
სციაპან პუცილა

ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალდება წაუყენა Telegram-ის არხ Nexta-ს შემქმნელებს, სციაპან პუცილას და რამან პრატასევიჩს. ამის შესახებ ბელარუსის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო BelTA იტყობინება. პუცილასა და პრატასევიჩზე ძებნა გამოცხადდა. მათ ასევე ბრალად ედებათ ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა წინააღმდეგ სოციალური მტრობის გაღვივება.

რამან პრატასევიჩი
რამან პრატასევიჩი

ბრალდებები წაყენებულია სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ფარგლებში. გამოძიება მასობრივი არეულობის კვალიფიკაციას აძლევს ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ მიმართულ მასობრივ საპროტესტო აქციებს, რომლებიც აგვისტოში დაიწყო ბელარუსში.

ადრე Nexta „ექსტრემისტულად“ იქნა მიჩნეული. არხი აქტიურად აშუქებს მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს და აქვეყნებს ლუკაშენკასა და მისი რეჟიმის მიმართ კრიტიკულ ინფორმაციას. არხმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული გამოსვლების დროს.

არხის დამაარსებელია 22 წლის სციაპან პუცილა. ამჟამად ის ვარშავაში ცხოვრობს. ის სამშობლოში არ ყოფილა 2018 წლიდან, როცა მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა „პრეზიდენტის შეურაცხყოფის“ ბრალდებით, YouTube-ში გამოქვეყნებული ვიდეორგოლების გამო.

XS
SM
MD
LG