დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თამაში ცარიელ სტადიონზე გაიმართება - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 12 ნოემბერს, „დინამოარენაზე“, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების შეხვედრას მაყურებელი ვერ დაესწრება. ინფორმაცია ქვეყნის ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ოფიციალურად დღეს დაადასტურა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
ერთ კვირაში გასამართი მატჩი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის ფინალია. მოგების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს. უეფას გადაწყვეტილებით, თამაშის მასპინძელ ქვეყანას შეუძლია, სტადიონის ტრიბუნების დაახლოებით ერთი მესამედი შეავსოს, მაგრამ... ქართველი ფეხბურთელები უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მიღწევას გულშემატკივრების გარეშე შეეცდებიან.