Accessibility links

logo-print logo-print

თელავში ოპოზიციას საჩივრების განხილვაზე უარი უთხრეს


საჩვრების განხილვა თელავში

ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში არჩევნების შემდგომ დაწერილი 43 საჩივრიდან კომისიამ 34-ის განხილვაზე საერთოდ უარი თქვა. საჩივრების განხილვაზე უარი ეთქვათ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

რევაზ გაიპარაშვილი
რევაზ გაიპარაშვილი

მე-10 ოლქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რევაზ გაიპარაშვილი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ პირებს, რომლებმაც საჩივრები ხმის მიცემის პროცესის შემდგომ პერიოდში დაწერეს, პარტიიდან არ ჰქონდათ მიღებული რწმუნება, რამაც საჩივრების განხილვაზე უარის თქმა განაპირობა. თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრები განიხილა და მათგან ნაწილი დააკმაყოფილა.

საჩივრები მომზადებული ჰქონდათ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და „სამართლიან არჩევნებს“. ოლქის თავმჯდომარე რევაზ გაიპარაშვილის თქმით, დააკამყოფილეს, მაგალითად, საია-ს საჩივარი. საია საჩივარში წერდა, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის მაჟორიტარულ და პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში განსხვავებული მონაცემები ეწერა იმის შესახებ, თუ რამდენი ამომრჩეველი მივიდა რეალურად არჩევნებზე.

საჩივრების განხილვა კახეთში
please wait

No media source currently available

0:00 0:03:08 0:00

„ყარაჯალაში შესწორების ოქმები კი ჰქონდათ, მაგრამ მონაცემები იყო ძალიან ბუნდოვანი. ხელმომწერთა სხვადასხვა რაოდენობა იყო მაჟორიტარულ და პროპორციულ ოქმებში. საქმის არაჯეროვანი შესრულების გამო მდივანს შენიშვნა გამოვუცხადეთ“, - თქვა გაიპარაშვილმა.

საია არ იყო ერთადერთი, რომელმაც ყარაჯალის უბნის შემაჯამებელი ოქმები გაასაჩივრა. საია კომისიის წევრებისთვის საყვედურის გამოცხადებას ითხოვდა, ბლოკს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ კი, უბნის შედეგების ბათილობა სურდა, თუმცა საოლქო საარჩევნო კომისიამ არც ეს და ბლოკის კიდევ 5 საჩივარი საერთოდ არ განიხილა. თელავის საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ბადურ გულიაშვილის, თანახმად, ოლქის თავმჯდომარის არგუმენტები საჩივრების არგანხილვასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა. ამბობს, რომ თუკი ისინი უფლებამოსილი პირები არ იყვნენ, მაშინ საოლქო კომისიას სიჩივრები საერთოდ არ უნდა მიეღო. პარტია გეგმავს, რომ განუხილველი საჩივრები სასამართლოში წაიღოს.

თელავის საოლქო საარჩევნო კომისია
თელავის საოლქო საარჩევნო კომისია

„მათ სიმართლის თქმა ვერ შეძლეს და საკუთარი პასუხისმგებლობა დააკისრეს სასამართლოს. სხდომაზე არც კი თქვეს იმის შესახებ, რომ ოპოზიციას საჩივრები ჰქონდა დაწერილი კახეთის სხვადასხვა ქალაქში... ასე მოხდა მთელი საქართველოს მასშტაბით და მგონია, რომ ერთი გეგმით ხელმძღვანელობდნენ, რომელიც მოდიოდა ცესკოს თავმჯდომარის მხრიდან. თავის მხრივ, ასეთი მითითება ცესკომ მიიღო ქვეყნის ხელმღვანელობიდან“.

კახეთში თელავის ოლქი არ არის გამონაკლისი, სადაც ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი გურჯაანში, გიორგი ედიშერაშვილი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გურჯაანის 49-ე საარჩევნო უბანზე შემაჯამებელ ოქმში გარკვეული ციფრები საერთოდ არ იკითხებოდა, ამის გამო უბნის შედეგების ბათილობას მოითხოვდნენ, თუმცა კომისიის წევრებს მხოლოდ საყვედური გამოუცხადეს:

„არც ერთი ის უბანი ხელახლა არ დაგვათვლევინეს, რომელზეც მკაფიოდ იკვეთებოდა დარღვევები. მაგალითად, გურჯაანის 49-ე უბანზე ორივე ოქმში ციფრები იყო ამოშლილი, რომელიც აშკარად ძალით გაკეთებულს ჰგავდა. ამის გამო უბნის კომისიის წევრებს მხოლოდ საყვედური უთხრეს, მაშინ როცა მოთხოვნა იყო უბნის ბათილობა. ასეთი რამ მოხდა კიდევ არაერთ უბანზე“.

თელავისგან განსხვავებით, გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის თავმჯდომარე მაია ჩუთლაშვილმა მედიისთვის განცხადება გააკეთა, თუმცა მას შემდეგ, რაც მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე დეტალური ინფორმაციის გასაჯაროება ვთხოვეთ, მან კომენტარის გაკეთებაზე საერთოდ უარი თქვა და ტერიტორია დატოვა. მაია ჩუთლაშვილს პასუხი არ ჰქონდა კითხვაზე, ზუსტად რამდენი საჩივარი დააკმაყოფილა და რამდენზე თქვა უარი.

კახეთში საარჩევნო პროცესს აქტიურად აკვირდებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. ორგანიზაციის წარმომადგენელი კახეთში მარეხ მგალობლიშვილი ამბობს, რომ არჩევნების შემდგომ მათ კონკრეტულ დარღვევებზე 9 საჩივარი მოამზადეს, თუმცა კომისიებმა ყველა არ დააკმაყოფილეს. საია-ს ერთ-ერთი საჩივარი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის საარჩევნო უბანს ეხებოდა:

„უმრავლეს შემთხვევაში საუბნო კომისიის მდივნებმა შესწორების ოქმები დაწერეს მეორე დღეს და ისიც საოლქო კომისიებში, თუმცა, სადაც შესწორების ოქმები არჩევნების დღესვე დაიწერა, არ იყო დაცული პროცედურები. თავად წერილებს არ ეწერა, რომ ისინი იყო შესწორების ოქმები. ჩვენ ისეთი ტიპის დარღვევები დავაფიქსირეთ, რომ შესაძლოა ამ უბნის არჩევნების შედეგებზე გავლენა მოეხდინა. საჩივრებიც ამიტომ დავწერეთ, თუმცა უშუალოდ ზემო ალვანის უბნის საჩივარი არ დაგვიკმაყოფილეს“.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ახლა სასამართლო სხდომებისთვის ემზადებიან. ისინი სასამართლოსგან მოითხოვენ იმ უბნების შედეგების ბათილობას და სხვა სახის დარღვევებზე რეაგირებას, რომლებზეც საოლქო კომისიებისგან უარი მიიღეს. აღსანიშნავია, რომ, საერთო ჯამში, კახეთის ორ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული და პროპორციული ბიულეტენების რაოდენობა 5 000-მდეა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საგარეჯო-გურჯაანი-სიღნაღი-დედოფლისწყაროს ოლქში პირველივე ტურში გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა, ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად კი მეორე ტური უნდა ჩატარდეს, რადგან ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების 50 %-ზე მეტი. მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მმართველი პარტიიდან ირაკლი ქადაგიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიციიდან“ გიორგი ბოტკოველი, თუმცა ოპოზიციის კანდიდატმა მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG