Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტერ სტანო: პარლამენტის ბოიკოტი არ შეუწყობს ხელს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას


პეტერ სტანო
პეტერ სტანო

„დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკური დებატებისა და გადაწყვეტილების მიღების მთავარ ფორუმს პარლამენტი წარმოადგენს. პარლამენტის ბოიკოტი არ შეუწყობს ხელს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას“, - ნათქვამია ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ჯოზეპ ბორელის პრესმდივნის პეტერ სტანოს განცხადებაში, რომელიც რადიო თავისუფლებას მისი ოფისიდან მიაწოდეს.

ამ მიმართვის ფონია საქართველოში ოპოზიციური პარტიების მხრიდან არჩევნების პირველი ტურის შედეგების ეჭვქვეშ დაყენება და განზრახვა, რომ ბოიკოტი გამოუცხადონ ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სესიას.

„არჩევნების სადამკვირვებლო საერთაშორისო მისია მივიდა დასკვნამდე, რომ მიუხედავად რიგი ხარვეზებისა, 31 ოქტომბრის არჩევნები იყო კონკურენტული და, საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. ყველა შესაბამის პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ თავიანთი დასაბუთებული პრეტენზიები და საჩივრები წარედგინათ მოქმედი ინსტიტუციური და სამართლებრივი გზებით. ხელისუფლებამ სამართლიანად, გამჭვირვალედ და დეტალურად უნდა განიხილოს ეს საჩივრები, რათა უზრუნველყოს პროცესის მიმართ ნდობა. ეს იქნება მნიშვნელოვანი მეორე ტურის არჩვენების ინკლუზიურად და გამჭვირვალედ ჩასატარებლად და პარლამენტის მიერ ხალხისგან მინიჭებული მანდატის განსახორციელებლად“, - ნათქვამია ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ჯოზეპ ბორელის პრესმდივნის განცხადებაში.


პეტერ სტანომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, 1 ნოემბერსაც გააკეთა განცხადება. მასში საქართველოში ჩატარებული არჩევნები შეფასებული იყო, როგორც „კონკურენტული“, რომლის დროსაც „მთლიანობაში დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები“. მაგრამ ასევე ხაზგასმული იყო იმ ნაკლოვანებების შესახებ, რამაც წინასაარჩევნო პროცესში და ხმის მიცემის დროს იჩინა თავი.

„არჩევნების ჩატარებაზე გავლენა მოახდინა ამომრჩევლებზე ზეწოლასთან დაკავშირებულმა და მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში და არჩევნების დღეს მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის ბუნდოვანების შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა, რამაც პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობა შეამცირა“, - ნათქვამი იყო ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ჯოზეპ ბორელის პრესმდივნის, პეტერ სტანოს მიერ, 1 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG