Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება" ფარულ ჩანაწერებს დანაშაულის მტკიცებულებად მიიჩნევს


"ქართული ოცნება" სახელმწიფო გადატრიალების გეგმის მტკიცებულებად მიიჩნევს უკრაინული ონლაინპლატფორმის (obozrevatel.com) სახელით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, მათი მტკიცებით, "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"-ს წარმომადგენელი, გუბაზ სანიკიძე ელაპარაკება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძას, თემურ ალასანიას.

"გუშინ გავრცელდა ეს ჩანაწერები, როგორც იცით, რომელშიც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე ინსტრუქციებს ათანხმებს სახელმწიფო გადატრიალების გეგმის შესახებ.

ამ ჩანაწერმა დაადასტურა ის, რომ როგორც მიზნები, ასევე საშუალებები არის დესტრუქციული, არის უკანონო და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული. ამაზე არსებობდა უკვე ინფორმაცია წინასწარ, რაზეც არაერთხელ მიუთითა "ოცნებამ", მაგრამ ის, რომ ჩვენ ეს უშუალოდ პირველი პირებისგან მოვისმინეთ, ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა 7 ნოემბერს “ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ხელაშვილმა, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ 1 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ფაქტზე. მანამდე, ოპოზიციის მსგავს გეგმებზე ლაპარაკობდა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე, რომელიც გამოკითხვაზეც იყო დაბარებული.

ოპოზიცია ხელისუფლების ბრალდებებს უწოდებს სრულ აბსურდსა და მომაბეზრებელ ერთფეროვნებას, რადგან მსგავსი ბრალდებები წარსულშიც არაერთხელ ისმოდა - მაგალითად, „საბურავების საქმის“ სახით.

გიორგი ხელაშვილს არ უხსენებია obozrevatel.com-ზე გამოქვეყნებული კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი, რომლის თანახმადაც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ელაპარაკება უცნობ კაცს.

„დიდი ძმა გვისმენს - ხვალვე ყველა დიპლომატიურ მისიას, ბრიუსელს, ვაშინგტონს ექნება ინფორმაცია, რომ ჩემზე, საქართველოს პარლამენტის წევრზე, საქართველოს ტერიტორიაზე, ხორციელდება უკანონო მიყურადება და ჩემი პირადი საუბრების ჩაწერა.

იმედის უნიჭო „კგბშნიკ" დირექტორს თუ მიაჩნია, რომ ვინმე დააზიანა, გარდა საკუთარი პოლიტიკური პატრონისა, ჩემი პირადი საუბრების ჩანაწერების უნიჭო კომპილაციის გასაჯაროებით, ძალიან ცდება. ეს მახინჯი სისტემა დაინგრევა, გპირდებით! (უკანონო მიყურადებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც, ვისაც ეკუთვნის)", - აღნიშნავს სალომე სამადაშვილი საკუთარ ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG