Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი პირი დააკავეს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე


აკაკი ხუსკივაძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

7 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა, რომ 43 წლის ასაკში გარდაიცვალა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი, რომელსაც, ხელაშვილის თქმითვე, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები რეპრესიებით ემუქრებოდნენ.

„ჩვენი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეპრესიებით ემუქრებოდნენ, ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით. ერთ-ერთი ამგვარი ზეწოლის შემთხვევა მოხდა ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა. სამართალდამცველებს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ აღძრან სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით“, – განაცხადა ხელაშვილმა.

თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პოლიციამ გამოკითხა, გობეჯიშვილის თანაშემწე, ზაალ ზაალიშვილი, რომელმაც პოლიციის განყოფილებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრისას თედო გობეჯიშვილმა მას უამბო, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულმა პირებმა – აკაკი კობალაძემ და აკაკი ხუსკივაძემ თანამდებობიდან ხმაურით წასვლა და 50 ათასი დოლარი შესთავაზეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გააფრთხილეს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პატიმრობა ემუქრებოდა.

ზაალ ზაალიშვილის ინფორმაციით, თედო გობეჯიშვილი ამ პირებთან შეხვედრის შემდეგ აღელვებული იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG