Accessibility links

logo-print logo-print

შსს: ცრემლსადენი აირი არ გამოიყენეს, მაგრამ ჰქონდათ "წიწაკის სპრეი"


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძე აცხადებს, რომ ცესკოსთან აქციის დაშლის დროს ცრემლსადენი აირი არ გამოუყენებიათ.

"ცრემლსადენი გაზი არ იქნა გამოყენებული. აქვე ავხსნი, იმ დანაყოფის შემადგენლობაში, რომელიც მართავს მასებს, არის სპეციალური საშუალება "წიწაკის სპრეი", რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული. განსხვავება დიდია, ეს არ არის ცრემლსადენი გაზი", - თქვა კახა საბანაძემ.

გუშინ აქციის დაშლის დროს მოქალაქეთა ის ჯგუფი, რომელიც სამართალდამცავებთან ახლოს იდგა, აცხადებდა, რომ პოლიციამ ცრემლსადენი აირი გაუშვა. ისინი მიმდებარე ტერიტორიას ხველითა და თვალების წვის შეგრძნებით ტოვებდნენ.

ცესკოსთან გუშინ ღამით ის მოქალაქეები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ, რომლებიც 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ. ისინი მანამდე პარლამენტის შენობის წინ იდგნენ და ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას მოითხოვდნენ.

რუსთაველზე აქცია 20:00 საათზე დასრულდა, პოლიტიკურმა ლიდერებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ ცესკოს შენობასთან გადასულიყვნენ და რუსთაველის გამზირიდან მსვლელობა მოაწყეს. ცესკოსთან მოქალაქეებმა შეკრება 20:30 საათიდან დაიწყეს, მალევე პროტესტის ნიშნად მოქალაქეებმა ჯებირებზე ხელით, ფეხითა და ქვით ბრახუნი დაიწყეს. თანდათან იზრდებოდა ცესკოსთან მისული სამართალდამცავების რაოდენობა.

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა მოქალაქეებმა დამატებით მობილიზებული საპოლიციო ძალები დაინახეს. სწორედ ამ დროს გამოიყენა შსს-მ წყლის ჭავლი აქციის მონაწილეთა დასაშლელად. ამ დროს ადგილზე ჯერ მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკოსი იყო.

პოლიციამ აქციის მონაწილეების დაშლა წყლის ჭავლით მოგვიანებითაც სცადა. დასველდნენ და დაშავდნენ როგორც მოქალაქეები, ისე ჟურნალისტები. აქცია მხოლოდ მას შემდეგ დაიშალა, რაც მოქალაქეებს პოლიტიკოსებმა მიმართეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG