Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძე: სამართალდამცავებმა კონსტიტუციურ ინსტიტუტზე თავდასხმის მოგერიება რბილი ძალის გამოყენებით შეძლეს


კახა კალაძე
კახა კალაძე

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ცესკოს შენობასთან განხორციელებული სპეცოპერაციის გამო მადლობა გადაუხადა სამართალდამცავებს და განაცხადა, რომ მათ კონსტიტუციურ ინსტიტუტზე თავდასხმის მოგერიება რბილი ძალის გამოყენებით შეძლეს:

„არავისთვის არ არის სასიამოვნო საყურებელი არც ის, როგორ ესვრიან პოლიციელებს ქვებს მომიტინგეები, როგორ ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას და ცესკოს შენობაში შეჭრას და არც ის არ არის სასიამოვნო, რომ პოლიცია იძულებული ხდება, მომიტინგეთა თავდასხმა წყლის ჭავლით მოიგერიოს”, - განაცხადა კახა კალაძემ, რომლის თქმითაც, ქართველმა ხალხმა, 31 ოქტომბერს დააფიქსირა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი, მილიონამდე ადამიანმა „ქართულ ოცნებას” გამოუცხადა ნდობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით მთავრობას „ქართული ოცნება” დააკომპლექტებს და მილიონამდე ადამიანის არჩევანს საპროტესტო აქციებით ვერავინ შეცვლის:

„ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, პოლიტიკურ პარტიებს, ნუ აყვებიან ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილს, რომლის მიზანიც სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა და არეულობის ინსპირაციაა.

თუ ვინმეს მიაჩნია, რომ კონკრეტული საარჩევნო უბნების მონაცემებთან მიმართებით ლეგიტიმური პრეტენზია აქვს, მოვუწოდებთ ყველას, დესტრუქციული ქმედებებით ნუ შეაფერხებენ მათივე საჩივრების საფუძველზე მიმდინარე ხმების გადათვლის პროცესს, არამედ მიყვნენ სამართლებრივ პროცედურებს, ამ გზით შეეცადონ საკუთარი პოზიციის დაცვას და მოემზადონ არჩევნების მეორე ტურისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მან მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს, ნუ აჰყვებიან, მისი თქმით, რადიკალურ პოლიტიკურ დაჯგუფებებს, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ რეჟიმს და მოემზადონ მეორე ტურისთვის. „დესტრუქციით და სიტუაციის ესკალაციის მცდელობით ვერავინ ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევს!“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და საპროტესტო აქციებს მართავენ ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

8 ნოემბერს, სამართალდამცავებმა ცესკოსთან მიმდინარე აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეთა მიმართ შსს-ს ქმედება - წყლის ჭავლის გაფრთხილების გარეშე გამოყენება და არათანაზომიერი ძალა - გააკრიტიკა არაერთმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG