Accessibility links

ცესკო ეხმაურება აქციას და აცხადებს, რომ დამოუკიდებელია და მასზე ზეწოლა ხორციელდება


ცენტრალური საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ გუშინ, 8 ნოემბერს მის შენობასთან მიმდინარე აქცია უწყებაზე ზეწოლაა. უწყება პარტიებს მიმართავს, რომ საარჩევნო პროცესი არ დასრულებულა.

"ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ეხმიანება გუშინ, 8 ნოემბერს ცესკოს შენობასთან განვითარებულ მოვლენებს და მიაჩნია, რომ ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლისა და ზემოქმედების მიუღებელი ფორმა, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, მათ შორის საოლქო საარჩევნო კომისიებში", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, ოპოზიციური პარტიების ნაწილი სამართლებრივ პროცესებს ხელს უშლიან და მათ, როგორც დამოუკიდებელი უწყების, დისკრედიტაციას ეწევიან:

"გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელსაც საკმაოდ მრავალრიცხოვანი მოქალაქეები წარმოადგენენ და ეს ინსტიტუცია სწორედ ხალხის სამსახურისთვის შეიქმნა და ფუნქციონირებს. საარჩევნო ადმინისტრაცია პირველ რიგში ემსახურება ხალხს და წლებია ამ ინსტიტუციას წარმოადგენენ ადამიანები, რომელთა დამსახურებაცაა ის საერთაშორისო აღიარება, რაც რეგიონში გამორჩეულს ხდის ამ ადმინისტრაციას".

ცესკოში აცხადებენ, რომ მზად არიან, ნებისმიერ მშვიდობიან ფორმატში, სხვადასხვა ჩართული მხარის მონაწილეობით, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ:

"მივმართავთ საერთაშორისო პარტნიორებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელი შეუწყონ დიალოგს რაც მნიშვნელოვანია სამოქალაქო თანხმობისთვის ქვეყანაში".

ცესკოსთან გუშინ ღამით ის მოქალაქეები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ, რომლებიც 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ. ისინი მანამდე პარლამენტის შენობის წინ იდგნენ და ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას მოითხოვდნენ.

რუსთაველზე აქცია 20:00 საათზე დასრულდა, პოლიტიკურმა ლიდერებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ ცესკოს შენობასთან გადასულიყვნენ და რუსთაველის გამზირიდან მსვლელობა მოაწყვეს. ცესკოსთან მოქალაქეებმა შეკრება 20:30 საათიდან დაიწყეს, მალევე პროტესტის ნიშნად მოქალაქეებმა ჯებირებზე ხელით, ფეხითა და ქვით ბრახუნი დაიწყეს. თანდათან იზრდებოდა ცესკოსთან მისული სამართალდამცავების რაოდენობა.

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა მოქალაქეებმა დამატებით მობილიზებული საპოლიციო ძალები დაინახეს. სწორედ ამ დროს გამოიყენა შსს-მ წყლის ჭავლი აქციის მონაწილეთა დასაშლელად. ამ დროს ადგილზე ჯერ მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკოსი იყო.

პოლიციამ აქციის მონაწილეების დაშლა წყლის ჭავლით მოგვიანებითაც სცადა. დასველდნენ და დაშავდნენ როგორც მოქალაქეები, ისე ჟურნალისტები. აქცია მხოლოდ მას შემდეგ დაიშალა, რაც მოქალაქეებს პოლიტიკოსებმა მიმართეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG