Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთშია და თავის მოვალეობას ასრულებს


სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთში იმყოფება და საქმიანობას განაგრძობს. ამ შინაარსის შეტყობინება ფაშინიანმა დღეს დილით, ფეისბუკზე გამოაქვეყნა.

სომხეთში მასობრივი არეულობები დაიწყო მას შემდეგ, რაც 9 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის და რუსეთის პრეზიდენტებთან, ილჰამ ალიევთან და ვლადიმირ პუტინთან ერთად ხელი მოაწერა მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას.

ოპოზიციამ ფაშინიანი კაპიტულაციაში დაადანაშაულა და მისი გადადგომა მოითხოვა. გვიან ღამით, საპროტესტო აქციის მონაწილეები სომხეთის მთავრობის და პარლამენტის შენობებში შეიჭრნენ.

ფაშინიანის, ალიევის და პუტინის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის პირველი სამი პუნქტის თანახმად:

1. 10 ნოემბერს, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სრულად წყდება ცეცხლი და ყველა სამხედრო მოქმედება და აზერბაიჯანი და სომხეთი ჩერდებიან დაკავებულ პოზიციებზე;

2. აღდამის რაიონი და სომხური მხარის მიერ გაზახის რაიონში დაკავებული ტერიტორიები აზერბაიჯანს უბრუნდება 2020 წლის 20 ნოემბრამდე;

3. გამყოფი ხაზის და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ განთავსდება რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი;

ამავე შეთანხმებით, 2020 წლის 15 ნოემბრამდე სომხეთი აზერბაიჯანს უბრუნებს კელბაჯარის რაიონს და 1 დეკემბრამდე ლაჩინის რაიონს და იტოვებს ლაჩინის 5 კილომეტრიან დერეფანს, რომელიც უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის კავშირს სომხეთთან, თუმცა არ შეეხება ქალაქ შუშას. იძულებით გადაადგილებული პირები და დევნილები ბრუნდებიან მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და მის მიდებარე რაიონებში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კონტროლით.

მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან განახლდა. ამ პერიოდში აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა არაერთ რაიონზე. სულ ბოლოს, 9 ნოემბერს ქალაქ შუშაზე.

აზერბაიჯანმა ძირითადად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 1994 წლიდან კონფლიქტი ფაქტობრივად გაყინული იყო, თუმცა, გარკვეული პერიოდულობით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ირღვეოდა.

კონფლიქტის მოსაგვარებლად წლებია არსებობს ეუთოს ჯგუფი, რომლის თანათავმჯდომარეები არიან რუსეთი, საფრანგეთი და აშშ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG