Accessibility links

logo-print logo-print

შოთა დიღმელაშვილი: ბურთი ახლა არის ხელისუფლების მოედანზე


შოთა დიღმელაშვილი

მოძრაობა „სირცხვილიას“ თანადამფუძნებლის, სამოქალაქო აქტივისტის შოთა დიღმელაშვილის თქმით, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან ყველაზე ნაკლებად დამაზიანებელი გამოსავალი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა ჩართულობით ხმების ხელახალი გადათვლა, ამ პროცესში გამოვლენილ საეჭვო უბნებზე კი არჩევნების ხელახალი ჩატარება იქნებოდა. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური პროცესი ისევ კონკურენციის პირობებს დაუბრუნდებოდა. შოთა დიღმელაშვილის შეფასებით, ახლა ბურთი ხელისუფლების მოედანზეა:

„ეხლა ბურთი არის ხელისუფლების მოედანზე-რა თქმა უნდა, ახლა ძნელი ასაღიარებელია რომ გადაითვალოს და დაახლოებით 5 პროცენტი ან თუნდაც 3 გამოვიდეს როგორც „სამართლიანი არჩევნების“ პარალელურმა დათვლამ აჩვენა, ეს საკუთარი თავის წინააღმდეგ მიცემული ჩვენებაა პრაქტიკულად, მაგრამ ისედაც ყველამ იცის რომ ეს არჩევნები გაყალბებულია. წლების განმავლობაში ყალბდებოდა, სიურპრიზი არავისთვის არ იქნება და ოპტიმალური გამოსავალია შექმნილი სიტუაციიდან. სხვა სიტუაციაში რა თქმა უნდა ძალა ხელისუფლების მხარეს არის“, - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა. მისი თქმით, ხმების გადათვლა შექმნილ ვითარებაში ერთადერთი რაციონალური გამოსავალია, წინააღმდეგ შემთხვევში კი პროცესი მიდის რადიკალიზაციისკენ, რითიც ვერავინ ისარგებლებს:

„ხელისუფლებას ბოლომდე მოუწევს ჩაახშოს სისხლში ეს პროტესტი და ამის პოლიტიკური შედეგებიც იწვნიოს, ან პროცესი გახდეს ქუჩიდან მართული და სხვანაირად იწვნიოს ხელისუფლებამ. ორივე შემთხვევაში ქვეყნისთვის ჯობია, რომ ცივილიზებული პროცედურებით გავიდეთ ფონს“, - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა რადიო თავისუფლების "დილის საუბრებში".

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და საპროტესტო აქციებს მართავენ ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომის და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

8 ნოემბერს, სამართალდამცველებმა ცესკო-სთან მიმდინარე აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

ცესკო და მმართველი პარტია ხარვეზებს აღიარებენ, თუმცა, არჩევნების გაყალბებას უარყოფენ. „ქართული ოცნება“ გამიზნულ პროვოკაციებსა და დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და აცხადებს, რომ დანარჩენი ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც მანდატები მოიპოვეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში არიან.

ოპოზიციის მორიგი აქცია პარლამენტის შენობის წინ 14 ნოემბერს, 15 საათზე გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG