Accessibility links

გიორგი გახარია მაიკ პომპეოს ვიზიტზე: კიდევ დასტურდება, რომ აშშ სტრატეგიული პარტნიორია


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ სახელმწფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ჩამოსვლა დადასტურებაა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის და იმ დონის, რომელიც ისტორიულად ჯერ არ ყოფილა.

პომპეოს ვიზიტს გახარია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გამოეხმაურა.

"ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ქვეყნის, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი, ეს არის საქართველოს მეგობრის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ვიზიტმა კიდევ უფრო გააღრმაოს, დღეს ისედაც მაღალ ნიშნულზე მყოფი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სა და საქართველოს შორის, განსაკუთრებით, დღეს რეგიონისთვის იმ კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიც არის, რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები, რაც ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაზეც, უსაფრთხოებაზეც და მომავალზეც სერიოზულ ზეგავლენას იქონიებს. ამიტომ, მიუხედავად კოვიდისა, გლობალური პანდემიისა, მიუხედავად ყველა იმ გამოწვევებისა, რომლის წინაშეც ჩვენ ვართ, ჩვენ ახლა სრულად კონცენტრირებული უნდა ვიყოთ ამ ვიზიტის მოსამზადებლად", - თქვა პრემიერ-მინისტრმა.

მანვე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება როგორც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.

"ეს ყველაფერი არის ის თემები, რომლებზეც ჩვენ ვემზადებით სასაუბროდ და რომლებიც შემოთავაზებული იყო სასაუბროდ ჩვენი კოლეგების მხრიდან".

პომპეოს ვიზიტი საქართველოში 17-18 ნოემბერს არის დაგეგმილი.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური შეტყობინებით, პომპეო თბილისში შეხვდება პრეზიდენტ ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს, რათა გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდოს დემოკრატიული რეფორმების შემდგომი პროგრესისკენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვდება კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორესაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG