Accessibility links

ერევანში მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, ადგილი აქვს დაპირისპირებას და დაკავებას


ერევანში ათასობით ადამიანი მონაწილეობს საპროტესტო აქციაში, რომლის მთავარი მოთხოვნებია პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა და უარის თქმა მთიანი ყარაბაღის შესახებ სამმხრივ ერთობლივ განცხადებაზე, რომელსაც დემონსტრანტები კაპიტულანტურს უწოდებენ,


იუწყებიან, რომ მრავალი სამართალდამცველია კონცენტრირებული ცენტრალურ თავისუფლების მოედანზე.

დემონსტრანტებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ერთ-ერთ პოლიციელს.

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ უშიშროების წარმომადგენლებმა დააკავეს ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი, გაგიკ წარუკიანი, რომელიც დღევანდელი ანტისამთავრობო მიტინგის ერთ-ერთი ინიციატორია.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, დაკავებულთა შორის არის ასევე სომხეთის რესპუბლიკური პარტიის წევრი ვაგრამ ბაღდასარიანი, საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი.

სომხეთში მასობრივი არეულობები დაიწყო მას შემდეგ, რაც 9 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის და რუსეთის პრეზიდენტებთან, ილჰამ ალიევთან და ვლადიმირ პუტინთან ერთად ხელი მოაწერა მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას.

მხარეთა მიერ მიღებული ერთობლივი განცხადება ითვალისწინებს შემდეგ პუნქტებს:

1. 10 ნოემბერს, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სრულად წყდება ცეცხლი და ყველა სამხედრო მოქმედება და აზერბაიჯანი და სომხეთი ჩერდებიან დაკავებულ პოზიციებზე;

2. აღდამის რაიონი და სომხური მხარის მიერ გაზახის რაიონში დაკავებული ტერიტორიები აზერბაიჯანს უბრუნდება 2020 წლის 20 ნოემბრამდე;

3. გამყოფი ხაზის და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ განთავსდება რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი;

ამავე შეთანხმებით, 2020 წლის 15 ნოემბრამდე სომხეთი აზერბაიჯანს უბრუნებს კელბაჯარის რაიონს და 1 დეკემბრამდე ლაჩინის რაიონს და იტოვებს ლაჩინის 5 კილომეტრიან დერეფანს, რომელიც უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის კავშირს სომხეთთან, თუმცა არ შეეხება ქალაქ შუშას. იძულებით გადაადგილებული პირები და დევნილები ბრუნდებიან მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და მის მიდებარე რაიონებში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კონტროლით.

მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან განახლდა. ამ პერიოდში აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა არაერთ რაიონზე. სულ ბოლოს, 9 ნოემბერს ქალაქ შუშაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG