Accessibility links

site logo site logo

მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩასთან მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება იგეგმება — პირველადი ესკიზი


მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყოფილი ელბაქიძე/ვერის დაღმართი) იგეგმება მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება. შესაბამისი განცხადება თბილისის მერიაში 22 სექტემბერს შევიდა.

პროექტი 65 500 კვ.მ ფართობზე სასტუმროს, საოფისე, საცხოვრებელი, კომერციული ფართების განთავსებას ითვალისწინებს და მისი წინასწარი ესკიზი დადებითად შეაფასა მერიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ.

ესკიზი არ მოეწონა საბჭოს 4 წევრს. ერთ-ერთის შეფასებით, ამ ზომის მოცულობის, გეგმარებითი სტრუქტურის და არქიტექტურული სახის განაშენიანება არ არის მისაღები ისტორიული უბნისათვის.

„მეტად მძლავრ კომპონენტად გვევლინება საპროექტო განაშენიანება. დაღმართის გასწვრივ არსებული საცხოვრებელი სახლი და სანაპიროსკენ ორიენტირებული, ახლად აშენებული სასტუმრო არის ამ ტერიტორიის განაშენიანების მასშტაბის განმსაზღვრელი. აღნიშნულის გათვალისწინებით ტერიტორიის განაშენიანების მასშტაბი შესამცირებელია. ასევე, საპროექტო განაშენიანება მაქსიმალურად მისაახლოებელია ადრე არსებული განაშენიანების სტრუქტურასთან“, - აღნიშნავს საბჭოს კიდევ ერთი წევრი.

ელბაქიძის/ვერის დაღმართი. (ფოტო არქივიდან)
ელბაქიძის/ვერის დაღმართი. (ფოტო არქივიდან)

ესკიზი პროექტის საბოლოო სახე არ არის. ესკიზის წინასწარი შეთანხმებისას საბჭო განიხილავს ფოტომონტაჟის მიხედვით, კონცეფციის დონეზე, განსახორციელებელი მშენებლობის მხოლოდ ქალაქგეგმარებით შესაბამისობას არსებულ განაშენიანებასთან.

პროექტის ავტორებმა, ასევე, მერიასთან უნდა შეათანხმონ განაშენიანების რეგულირების გეგმა, არქიტექტურული პროექტი და შემდეგ მიიღონ ნებართვა მშენებლობაზე.


პროექტი დამუშავდა გერმანული არქიტექტურული კომპანია „გრაფტის“ მიერ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG