Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი: დავით გარეჯის კომპლექსი ილიჩოვასა და მელაშვილის სისხლის სამართლის საქმეში არაფერ შუაშია


გიორგი მახარაძე, ადვოკატი
გიორგი მახარაძე, ადვოკატი

„ნატალია ილიჩოვამ და ივერი მელაშვილმა თავიანთ ბრალდებაზე ის იციან, რომ ეს ბრალდება არის აბსურდული, რაც იგივე პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება. რაც შეეხება დავით გარეჯს, ყველაზე „საინტერესო“ დეტალი ამ საქმეში ის არის, რომ დავით გარეჯი სისხლის სამართლის საქმეში არაფერ შუაში არ არის საერთოდ“, - განაცხადა ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა, „უფლებები საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი მახარაძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“.

„ანუ დავით გარეჯზე სისხლის სამართლის საქმეში საუბარი არ არის, დავით გარეჯთან ახლოს მდებარე საზღვრის მონაკვეთზე არის საუბარი თითქოს ნატალია ილიჩოვამ და ივერი მელაშვილმა გასაგებად და პოპულარულ ენაზე რომ ვისაუბროთ, ისე გაავლეს საზღვრის ხაზი, რომ 35 კვადრატულ კილომეტრამდე საქართველომ დაკარგა აზერბაიჯანთან მიმართებაში.

ზოგადად დავით გარეჯის მონაკვეთი 96 წელს, როდესაც პირველად შეიკრიბა საზღვრის დელიმიტაციის კომისია ეგრეთ წოდებული, მაშინვე გადაწყდა, რომ ეს ის მონაკვეთია, რომელზეც მხარეებს განსხვავებული პოზიციები აქვთ და ეს საკითხი გადაიდო გვერდით და მას შემდეგ ამ მონაკვეთის განხილვა არც ერთ ეტაპზე არ მომხდარა. იყო რაღაც მცდელობები, მაგრამ სერიოზულად იმ ფორმატში რა ფორმატშიც განიხილება საქართველოს და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხი, ამ ფორმატში არასდროს არ განხილულა დავით გარეჯი და დღესაც, დღეის მდგომარეობით ეს საზღვრის მონაკვეთი არის შეუთანხმებელი მონაკვეთი“, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბარში“ ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა გიორგი მახარაძემ. მისი თქმით, ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილს აქვთ შედგენილი ქართული მხარის პოზიცია რუკის სახით და წარდგენილი აზერბაიჯანული მხარისთვის, რომელშიც არა თუ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, მთლიანად ბერთუბანიც კი რომელიც რამოდენიმე კილომეტრით არის დაშორებული ცენტრალური სამონასტრო კომპლექსისგან, საქართველოს ტერიტორიულ ნაწილში იყო მოქცეული.

„ბატონი ივერი მელაშვილის მიმოწერები არსებობს ხელმძღვანელობასთან, რომ ჩვენ აქ არ უნდა გამოვიყენოთ კარტოგრაფიული საფუძველი, არამედ უნდა გამოვიყენოთ ისტორიულ-კულტურული და ასე შემდეგ გარემოებები. ეს საქმეში დადასტურებულია“, - აღნიშნა ადვოკატმა "დილის საუბრებში".

„კარტოგრაფების საქმეზე“ ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

8 ოქტომბერს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წაუყენა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსს, ივერი მელაშვილს და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარ ინსპექტორს, ნატალია ილიჩოვას.

მათ წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 308-ე მუხლი საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას ეხება, მისი პირველი ნაწილი კი - საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ, ან საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

7 ოქტომბერს ამ საქმეზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. გამოძიების თანახმად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების, დაახლოებით 3500 ჰექტარი ფართობის დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ არა 1938 წლის, არამედ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG