Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISFED-ი სარჩელების განხილვის შედეგებზე: სასამართლოებმა ვერ გაიაზრეს თავიანთი როლი


"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" მის მიერ სასამართლოში წარდგენილი სარჩელების განხილვის შედეგებს აქვეყნებს. ამ შედეგების თანახმად, „სამართლიანმა არჩევნებმა“ საქართველოს პარლამენტის კენჭისყრის დღის შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით საერთო სასამართლოებში ჯამში 19 სარჩელი წარადგინა, რითაც 33 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კენჭისყრის შედეგების გადათვლაზე უარი ან საჩივრის განუხილვევლად დატოვების გადაწყვეტილებები გაასაჩივრა. წარდგენილი სარჩელების საფუძველზე სასამართლომ ორ საოლქო საარჩევნო კომისიას 4 საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლა დაავალა.

როგორც „სამართლიან არჩევნებში“ აღნიშნავენ, პირველ ინსტანციაში წარდგენილი 13 სარჩელიდან, რომლითაც მოთხოვნილი იყო ჯამში 33 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების გადასინჯვა, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მხოლოდ 1 უბნის (სამგორის 05.06.41) მაჟორიტარული არჩევნების შედეგების გადათვლის მოთხოვნა.

სააპელაციო სასამართლოებში წარდგენილი 6 სარჩელიდან თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მხოლოდ 1 სარჩელი და საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიას დაავალა 3 უბნის (03.03.25 პროპორციული და მაჟორიტარული; 03.03.56 პროპორციული; 03.03.33 პროპორციული) არჩევნების შედეგების გადათვლა.

„სამართლიანი არჩევნების განცხადებით, საბურთალოს ოლქის 25-ე უბნის მონაცემების გადათვლის შემდეგ შედეგები არ შეცვლილა, თუმცა ამომრჩეველთა სიების შემოწმება არ მომხდარა.

ამავე ოლქის 33-ე უბანზე შედეგების არასრულყოფილად გადათვლის შედეგად გამოვლინდა, რომ #41 „ქართულ ოცნებას“ ოქმში დაფიქსირებული ჰქონდა 317 ხმა, ხოლო გადათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ მიღებული აქვს 318 ხმა; #5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ ოქმში ეწერა 226, ხოლო გადათვლის შედეგად აღმოჩნდა რომ მიღებული აქვს 225 ხმა, ბათილი ბიულეტენების გრაფაში ეწერა 25, ხოლო გადათვლისას აღმოჩნდა 26 ბათილი ბიულეტენი.

საბურთალოს ოლქის 56-ე უბნის შედეგების არასრულყოფილად გადათვლის შედეგად გამოვლინდა, რომ შემაჯამებელი ოქმში ბათილი ბიულეტენების გრაფაში მითითებულია 53 ბიულეტენი, შესწორების ოქმში 35, ხოლო დათვლის შედეგად გამოვლინდა 34 ბათილი ბიულეტენი.

„სამართლიანი არჩევნები“ სასამართლოში წარდგენილი სარჩელების განხილვის პროცესში რამდენიმე გამოკვეთილი ტენდენციის შესახებ აკეთებს აქცენტს. კერძოდ, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ

·სასამართლოებმა ვერ გაიაზრეს თავიანთი როლი საარჩევნო პროცესში

·გამოიკვეთა საარჩევნო დავებზე მომუშავე მოსამართლეთა ნაწილის არაკომპეტენტურობა

.გამოიკვეთა სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს სასარგებლოდ მიკერძოებულობის პრობლემა

.სასამართლო გადაწყვეტილებები არასათანადოდაა დასაბუთებული

·ხდება სასამართლო გადაწყვეტილების დაგვიანებით ჩაბარება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანახმად, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე სასამართლოებში სულ 96 სარჩელი შევიდა. მათგან სასამართლომ დააკმაყოფილა 17 საარჩევნო უბანში ხმების ხელახალი გადათვლის მოთხოვნა, ერთ საარჩევნო უბანზე კი კენჭისყრის შედეგები ბათილადაა ცნობილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG