Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლემ დამნაშავედ ცნო შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსივე არასრულწლოვანი


19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ექვსივე არასრულწლოვანს, მოსამართლე მაია ოშხარელმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. გამოძიება მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავებოდა.

თუ რა სასჯელს გამოიყენებს მოსამართლე ბრალდებულების მიმართ, ამის შესახებ სასჯელის დანიშვნის სხდომაზე გახდება ცნობილი, რომელსაც მაია ოშხარელი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გათვალისწინებით, არაუგვიანეს 7 დღის განმავლობაში დანიშნავს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან, ექვსი არასრულწლოვნის საქმე გამოძიებამ ცალკე წარმოებად ზაფხულში გამოყო. საქმის არსებითი განხილვა 18 აგვისტოს დაიწყო.

ექვსი ბრალდებულიდან ოთხს, ნ.ც.-ს, ლ.შ.-ს, ნ.ქ.-ს, გ.მ.-ს, გამოძიება ედავებოდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ძალადობაში მონაწილეობას. ხოლო ორ ბრალდებულს, ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს, გარდა ამ მუხლებისა, გამოძიება ედავება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და ასევე,109-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას.

შეგახსენებთ, განზრახ მკვლელობის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი და მცხეთის რაიონულ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა 8 ოქტომბრიდან მიმდინარეობს. გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას ბრალდება ხუთ პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს ედავება. არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.

რა სასჯელი შეიძლება გამოიყენოს მოსამართლემ?

ექვსი არასრულწლოვნის მიმართ წაყენებული მუხლები, სსკ-ის 143-ე და 225-ე მუხლები, მძიმე კატეგორიის დანაშაულს განეკუთვნება და საერთო ჯამში, ეს დანაშაულები 4-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის, 76-ე მუხლის თანახმად, მოსამართლე უფლებამოსილია, არასრულწლოვანს დაუნიშნოს კანონით გათვალისწინებულ ზღვარზე ნაკლები, ან სხვა, უფრო მსუბუქი სასჯელი, თუკი მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი არ ყოფილა და არსებობს შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობა, რის გამოც მიზანშეწონილია კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა.

გარდა ამისა, ისევ და ისევ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მიუხედავად მძიმე კატეგორიის დანაშაულისა, სასჯელი, რომელსაც მოსამართლე ბრალდებულებს მიუსჯის, ერთი მეოთხედით შემცირდება.

რა მოხდა არაგვის ხიდთან

მიმდინარე წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ. ამ მანქანებში ისხდნენ არასრულწლოვნები ზ.ხ., ნ.ც., ნ.ქ. და ა.ქ. რაც შეეხება ლ.შ-სა და გ.მ.-ს ისინი ფეხით გადაადგილდებოდნენ არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, გიორგი შაქარაშვილისა და მასთან ერთად მყოფი ახალგაზრდების სიახლოვეს.

პროკურატურის ვერსიის თანახმად, სწორედ ეს პირები და მათთან ერთად მყოფი სხვა სრულწლოვანი ბრალდებულები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი „ტოიოტა კამრიდან“ გადმოსული მდევრების გამოჩენისას იკარგება.

ბრალდება ირწმუნება, რომ „ტოიოტა კამრის“ ხუთმა მგზავრმა, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვის ხიდის ქვეშ, ალყაში მოაქცია, რის გამოც გიორგი იძულებული გახდა, მდინარე არაგვისკენ, ციცაბო ბილიკზე დაშვებულიყო. მდევრები ფეხბურთელს არაგვის ნაპირზე წამოეწივნენ, ის სასტიკად სცემეს და შემდეგ წყალში გადააგდეს.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 19 წლის ფეხბურთელი ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა. სხეულზე დაფიქსირებული დაზიანებები კი მას სიკვდილამდე 10-20 წუთით ადრე აქვს მიყენებული.

დაწერეთ კომენტარი

გიორგი შაქარაშვილის საქმე

  • 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.
  • პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი ამ თავდასხმისას გაუჩინარდა.
  • გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
  • 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, 17 პირია დაკავებული. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.
  • გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი, 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს აქვს წარდგენილი.
XS
SM
MD
LG