Accessibility links

logo-print logo-print

ცესკო-მ ოპოზიციური პარტიების არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა


თამარ ჟვანია

ოპოზიციის წარმომადგენლების საჩივრების მოსმენის შემდეგ ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ თქვა, რომ არ არსებობს არცერთი სამართლებრივი არგუმენტაცია, რომელზე დაყრდნობითაც შედეგები გაუქმდებოდა. შედეგად ცესკო-მ არ დააკმაყოფილა არც ოპოზიციური პარტიების საჩივრები და არც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი.

„ვერ მოვისმინეთ არგუმენტები, ვერ მოვისმინეთ სამართლებრივი არგუმენტები. ერთი მხრივ, ეს იყო პოლიტიკური განცხადებები და მეორე მხრივ, პოლიტიკური ზეწოლა. მე შემიძლია, გითხრათ, აქ მუშაობენ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ათი და მეტი წელი. ამ ადმინისტრაციამ ჩაატარა არჩევნები, რომლებიც საერთაშორისო დონეზე აღიარეს", - ამბობს თამარ ჟვანია და დაამატა, -„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცესკო ადგენს, არ დაკმაყოფილდეს „პატრიოტთა ალიანსის", „ეკა ბესელია - სამართლიანობისთვის", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", „სტრატეგია აღმაშენებლისა", „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველოს" და „ევროპული საქართველოს" საჩივრები უსაფუძვლობის გამო". საია-ს კი ჟვანიამ განუმარტა, რომ თუკი სასამართლო დაადგენს მათი პოზიციის სისწორეს იმ საკითხში, რასაც სადავოდ ხდიან, ცესკო შესაბამის ცვლილებებს შეიტანს.

როგორც თამარ ჟვანია ამბობს, გაყალბების შესახებ პლაკატები, რომელიც გარეთ არის გაკრული, კენჭისყრამდე დაბეჭდეს.

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო საქართველოში 22:00 საათიდან გადაადგილება იკრძალება. თამარ ჟვანიას სხდომაზე სთხოვეს, მოეხერხებინა დამსწრეებისთვის საშვის გაცემა, რაზეც ჟვანიამ უპასუხა, რომ ეს საკითხი მისი კომპეტენცია არ არის.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების შედეგების შემაჯამებელი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ცესკო-ს სხდომამ „ევროპული საქართველოს" წევრის ხათუნა გოგორიშვილის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მან სხდომათა დარბაზი არ დატოვა. მოგვიანებით ცესკოს თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG