Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე ადასტურებს, რომ ოპოზიციამ შეხვედრაზე უარი თქვა ხმების გადათვლაზე


"ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით გამართული შეხვედრის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მისი თქმით, დიალოგზე შეთანხმებული წესების მიხედვით, მოლაპარაკების დეტალები საჯარო არ უნდა გამხდარიყო, თუმცა, ვინაიდან ოპოზიციამ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ მოლაპარაკებებზე ისაუბრა, "ქართულმა ოცნებამ", "იმისათვის, რომ ინფორმაცია ცალმხრივი არ იყოს", ვალდებულად ჩათვალა თავი, პროცესის შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა.

კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ არ განიხილავს ქართველი ხალხის მიერ თავისუფალ არჩევნებში გამოხატული ნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას - ხელახალ არჩევნებს ან მსგავს საკითხებს. მან დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოპოზიცია უარს ამბობს ხმების გადათვლაზე და, შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს.

"ჩვენ ვადასტურებთ, რომ მათ უარი თქვეს შედეგების გადახედვის ორივე ფორმაზე: ბიულეტენების გადათვლასა და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე, რომელიც გამორიცხავდა სპეკულაციებს ე.წ. კარუსელის შესახებ. მათი ინტერესი არ არის, გაირკვეს სიმართლე და ურჩევნიათ, მათივე გამოგონილი, მოდელირებული გაყალბებული არჩევნებით ივაჭრონ", - თქვა კახა კალაძემ და იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციის რადიკალური განწყობების მიუხედავად, დიალოგი გაგრძელდება. მან ასევე მიმართა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს და უთხრა, რომ მათი ხმები ამ არჩევნებში არ დაიკარგება.

"არავინ აპირებს, ისე წარმართოს პოლიტიკური დიალოგი, რომ თქვენი ხმები, თქვენი მხარდაჭერა ვინმემ გაბედოს და მეორეხარისხოვნად მიიჩნიოს", - ასე მიმართა კახა კალაძემ იმ მოქალაქეებს, ვინც 31 ოქტომბრის არჩევნებში ხმა "ქართულ ოცნებას" მისცა.

14 ნოემბერს ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დიალოგი შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში მეორედ გაიმართა - შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებს კონკრეტული დეტალები არ გაუსაჯაროებიათ, მათ თქვეს მხოლოდ ის, რომ მათი და "ქართული ოცნების" პოზიციები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება, დიალოგი გაგრძელდება და რომ მათი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნებია. მმართველი პარტიის წარმომადგენელმა შეხვედრის თაობაზე, არჩილ თალაკვაძემ მისი დასრულების შემდეგ თქვა, რომ ამ ტიპის შეხვედრაზე საბოლოო შედეგი არ მიიღწევა და ოპონენტებს დიალოგის გაგრძელება პარლამენტში შესთავაზა.

დიპლომატების მონაწილეობით პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი, რომელზეც საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს, 12 ნოემბერს გაიმართა.

31 ოქტომბრიდან დღემდე ოპოზიცია ქუჩის აქციებით ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ისინი არ იზიარებენ იმ შედეგებს, რომელიც ამ მოცემულობით მათ აქვთ. ერთი მხრივ, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ, მეორე მხრივ კი აყენებენ წინაპირობებს, რომელსაც მეორე მხარე არ ეთანხმება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია რიგგარეშე არჩევნები, ხელისუფლება კი მხოლოდ არჩევნების შედეგების აღიარების შემდეგ აპირებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას.

ასევე ნახეთ: პოლიტიკოსებმა კომენტარები გააკეთეს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის შემდეგ

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG