Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზალკალიანი პომპეოს ვიზიტზე: გვინდა ეკონომიკური თანამშრომლობა იმ დონეზე ავიდეს, როგორც თავდაცვაა


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ჩამოსვლა ამ ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობის ხაზგასასმელად იქნება გამოყენებული. მისი თქმით, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ საქართველო არის ამერიკის ყველაზე ახლო მოკავშირე და მთავარი დასაყრდენი რეგიონში.

"დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტის შედეგად ეს სტრატეგიული პარტნიორობა, თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადავა ყველა ძირითადი მიმართულებით, თავდაცვის და უსაფრთხოების, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური განზომილების თვალსაზრისით და სხვა. ჩვენი სურვილია, საქართველო-ამერიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ავიდეს იმ დონეზე, რა დონეზეც არის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა", - განაცხადა ზალკალიანმა.

პომპეოს ვიზიტი საქართველოში 17-18 ნოემბერს არის დაგეგმილი. ამ დღეს ოპოზიცია აქციის გამართვით მისალმებას გეგმავს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური შეტყობინებით, პომპეო თბილისში შეხვდება პრეზიდენტ ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს, რათა გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდოს დემოკრატიული რეფორმების შემდგომი პროგრესისკენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვდება კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორესაც.

XS
SM
MD
LG