Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მობილიზებულია 1040 სასუნთქი აპარატი და 3400-მდე ჟანგბადით უზრუნველყოფილი საწოლი


ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში მობილიზებულია 1040 სასუნთქი აპარატი და მძიმე პაციენტების მართვა პრობლემა არ არის. მისი სიტყვებით, პრობლემად გამოიკვეთა კლინიკების მხრიდან მართვის საკითხი.

მისი სიტყვებით, პრემიერ-მინისტრთან ერთად შეხვდნენ კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელებს, სადაც კოვიდის მართვის ეფექტიანობის გაზრდაზე ისაუბრეს.

ეკატერინე ტიკარაძემ ეს განცხადება მძიმე პაციენტების მართვის ხარვეზებთან დაკავშირებული კითხვის პასუხად გააკეთა, შეკითხვა შეეხებოდა შემთხვევებს, როდესაც მძიმე პაცინტების გადარჩენა ვერ მოხერდა სასუნთქი აპარატების არქონის გამო.

„სასუნთქ აპარატზე დამოკიდებული დღესდღეობით ჩვენ გვაქვს 257 პაციენტი. 937 პაციენტია, რამდენადაც მე მახსოვს მონაცემებიდან, რომლებიც არიან ჟანგბადდამოკიდებული. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის მსუბუქი. რეალურად კლინიკებს შეუძლია დანარჩენი პაციენტები გადაანაწილონ კოვიდსასატუმროებში, სადაც ისინი გააგრძელებენ მკურნალობას. ჩვენ საქმე გვაქვს მეტად უფრო არაეფექტურ მართვასთან, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გავიარეთ კონსულტაციები“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე.

მისი სიტყვებით, კლინიკები გააუმჯობესებენ მართვას, რომ მობილიზებული სასუნთქი აპარატები ეფექტიანად იყოს გამოყენებლი.

ეკატერიტე ტიკარაძის განცხადებით, დღეისთვის მობილიზებულია 1040 სასუნთქი აპარატი და 3400-მდე ჟანგბადით უზრუნველყოფილი საწოლი.

„აქედან გამომდინარე, ამ პაციენტების მოცულობით, რაც დღეს ჩვენ გვყავს, ჩვენ კოლაფსი ამ კუთხით არ გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ გავაუმჯობესოთ კლინიკების მართვა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

​ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა კვლავ 3 ათასზე მეტია, შემთხვევების მესამედზე მეტი კი ისევ თბილისზე მოდის. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 785.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 82 835 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 230-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 65 291.

ბოლო 24 საათში საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 30 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 733-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG