Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საექსპერტო საზოგადოება აშშ-ის ჯარის მუდმივი განთავსების თხოვნით მიმართავს მაიკლ პომპეოს


„საქართველოს ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნებოდა აშშ-ის ჯარის მუდმივი განთავსება საქართველოში“, - აცხადებენ მაიკლ პომპეოსადმი ღია წერილის ხელის მომწერები. უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკაზე მომუშავე 40-ზე მეტი ქართველი ექსპერტი, ყოფილი დიპლომატი და მაღალჩინოსანი აწერენ ხელს ღია წერილს მაიკ პომპეოსადმი.

გთავაზობთ ნაწყვეტს ღია წერილიდან:

„ძალიან ვაფასებთ ამერიკის ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. აშშ-ის რეგიონული და გლობალური ინტერესების წინსვლის კონტექსტში, გვჯერა, რომ საქართველოს ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნებოდა:
• აშშ-ის ჯარის მუდმივი განთავსება საქართველოში.
ასეთი პოლიტიკა შეიძლება გულისხმობდეს გაერთიანებულ (აშშ/ევროკავშირის) ძალებს როტაციულ საფუძველზე, ისევე როგორც ლოჯისტიკურ და საჰაერო პატრულირების ელემენტებს, რაც უზრუნველყოფდა მრავალგვარ შესაძლებლობას აშშ-ისა და ერთობლივი ძალების სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში უწყვეტი ოპერირებისთვის. ამავდროულად, აშშ-ის სამხედრო ყოფნას საქართველოში ექნებოდა საყოველთაო მხარდაჭერა, თავიდან აგვაცილებდა მყისიერ საფრთხეებს და დაეხმარებოდა საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან მიახლოებაში.
დღესდღეობით, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაში საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა თავისი დემოკრატიული ინსტიტუტების მედეგობის გაზრდითა და გაძლიერებით. ამ კონტექსტში, მივესალმებით აშშ-ის ღირებულ ჩართულობას საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრისთვის მედიაციის პროცესში. აგრეთვე მადლიერი ვართ აშშ-ის მნიშვნელოვანი და უწყვეტი მცდელობებისთვის, რაც წლებია გრძელდება საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერად.
სრულად ვუჭერთ მხარს აშშ-საქართველოს ალიანსის გაძლიერების პროცესს, ადგილზე აშშ-ის სამხედროების ყოფნის ჩათვლით, რასაც ვთვლით სარგებლის მომტანად საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის“
.

დოკუმენტის ხელისმომწერები მიესალმებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს საქართველოში და აცხადებენ, რომ ევროატლანტიკურ სისტემას ხედავენ ერთადერთ გარანტორად ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპისთვის.

ისინი აღნიშნავენ გამწვავებულ საფრთხეებზეც:

„ბოლო წლებში სამხრეთ კავკასია და შავი ზღვის რეგიონი გეოპოლიტიკური არასტაბილურობის არეალად იქცა. უსაფრთხოების რისკების უმრავლესობა გამომდინარეობს რუსეთის ამბიციებიდან - აღადგინოს საბჭოთა ეპოქის დროინდელი „გავლენის სფერო“, მის მიერ „ახლო საზღვარგარეთად“ აღქმულ არეალში. მოქმედებების თავისუფლებით გათამამებულმა რუსეთმა ახლახან განალაგა თავისი ჯარი მთიან ყარაბაღში, რითაც ზრდის მის სამხედრო პოზიციას რეგიონში“,

- აღნიშნულია ღია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ:
ზვიად აძინბაია, ეკა აკობია, ირაკლი ალასანია, ირინა არაბიძე, ფიქრია ასანიშვილი, გიორგი ასტამაძე, ნატო ბაჩიაშვილი, გიორგი ბადრიძე, ზურაბ ბატიაშვილი, ზაზა ბიბილაშვილი, ლევან ბოძაშვილი, ეთო ბუზიაშვილი, მიხეილ დარჩიაშვილი, ჯაბა დევდარიანი, პაატა გაფრინდაშვილი, კახა გოგოლაშვილი, გიორგი გოგუაძე, თორნიკე გორდაძე, გიორგი გვალია, შოთა ღვინერია, გია ჯაფარიძე, თედო ჯაფარიძე, ნინო კალანდაძე, ნოდარ ხარშილაძე, თინათინ ხიდაშელი, ბექა კობახიძე, ბათუ ქუთელია, ხათუნა ლაგაზიძე, ეკატერინე მეტრეველი, გრიგოლ მგალობლიშვილი, ხათუნა მშვიდობაძე, გიორგი მუჩაიძე, სოფიო პეტრიაშვილი, ალექსი პეტრიაშვილი, თენგიზ ფხალაძე, მირიან ფოფხაძე, ირაკლი ფორჩხიძე, დათუნა რაქვიაშვილი, გიორგი რუხაძე, თორნიკე შარაშენიძე, ვასილ სიხარულიძე, თორნიკე თურმანიძე, გელა ვასაძე, თემურ იაკობაშვილი.

ღია წერილის არაოფიციალური თარგმანი ქართულ ენაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG