Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია თავისი ოფისის დაწვას უკავშირებს „კანონიერ ქურდსა“ და მის ძმას


ნიკა მელია
ნიკა მელია

ენმ - „ძალა ერთობაშია“-ს მაჟორიტარმა კანდიდატმა ნიკა მელიამ იმ ოფისის წინ ილაპარაკა ჟურნალისტებთან, რომლის მინებიც ჩაამსხვრიეს და ცეცხლი წაუკიდეს. მელია კონკრეტულ პირებს ასახელებს, რომელთა მეშვეობითაც, მისი თქმით, გადაწვეს გაერთიანებული ოპოზიციის ოფისი.

„კობიაშვილ-კალაძესთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი „კანონიერი ქურდი“ ნოდარ შუკაკიძე, რომელიც იმყოფება საბერძნეთის საპატიმროში და მას ყოველდღიური სატელეფონო წვდომა აქვს გლდანის დანაშაულებრივ სამყაროსთან. გარდა ამისა, მისი ძმის, სუს-თან აქტიურ კავშირზე მყოფი ლევან შუკაკიძის მეშვეობით აკონტროლებს და ძალადობს საარჩევნო პროცესში ყველაფერზე და ყველაზე“, - ამბობს მელია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კონკრეტულ ოფისზე თავდასხმის მიზეზებსაც ასახელებს. „რამ გამოიწვია ამ ადამიანების გაშმაგება? ეს უბანი, სადაც ახლა ვსაუბრობ, არის გლდანის მე-3 მიკრორაიონი და მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს 79-ე კორპუსი, რომელშიც ცხოვრობს ლევან კობიაშვილი. აქვე მე-4 კორპუსში წლების განმავლობაში ცხოვრობდა ბატონი კალაძე. ეს უბანი პირწმინდად წააგეს და ახლა კრიმინალების მეშვეობით განახორციელეს ეს მოძალადეობრივი აქტი“, - თქვა მელიამ.

პოლიტიკოსი აცხადებს, რომ მეგობრებთან ერთად უკომპრომისო ბრძოლას უცხადებს აღნიშნულ კანონიერ ქურდებს: „მათ ფეხქვეშ უნდა ეწვოდეთ მიწა - ნოდარ და ლევან შუკაკიძეებს, ასევე კობიაშვილ-კალაძეს“.
ნიკა მელია მიმართავს აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს, „რა უნდა მოხდეს ამაზე მეტი? ქვა გვესროლეს და აგვაცილეს - არ დავიღუპეთ, დაგვარბიეს იარაღით და არ დავიღუპეთ, გვწვავენ და არ დავიღუპეთ, მაინცდამაინც უნდა შევეწიროთ?! მაინცდამაინც გვამები უნდა გავიტანოთ გლდანის რაიონიდან?! ამ რეჟიმთან ბრძოლაში მე არ ვაპირებ თავდახრილ გამოსვლას. დიახ, სადაც წავასწრებ, ყველა კანონიერ ქურდს, მის დამქაშს, რომელიც შეკრულია პოლიციასთან, შევავიწროვებ. ეს იგივეა, რომ დაეწვათ ჩემი სახლი, აქ რამდენიმე თვე მაქვს გატარებული. შეგაკვდებით“.

მელია ამბობს, რომ ოფისის საკითხზე სამართალდამცველები არ დაკავშირებიან.

„ქართული ოცნების“ პროპორციული სიის წარმომადგენლის ბექა დავითულიანის განცხადებით, მკაცრ პასუხს მიიღებს ის, ვინც გლდანის ოპოზიციონერი მაჟორიტარი კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბში ცეცხლი გააჩინა. ბექა დავითულიანმა ეს განცხადება „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით სხვისი ნივთის დაზიანებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG