Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული რუსეთსა და დასავლეთთან გაწონასწორებული ურთიერთობების პირობას დებს


მაია სანდუ კიშინიოვში, 15 ნოემბერი, 2020 წელი
მაია სანდუ კიშინიოვში, 15 ნოემბერი, 2020 წელი

მოლდავეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული, მაია სანდუ, რომელიც ევროკავშირის მომხრეა, პირობას დებს, რომ რუსეთთან და დასავლეთთან გაწონასწორებული ურთიერთობა ექნება. სანდუ აპირებს ებრძოლოს კორუფციას და მიიზიდოს ინვესტიციები თავის, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყანაში.

როგორც წინასწარი მონაცემებიდან ჩანს, მსოფლიო ბანკის ყოფილმა ეკონომისტმა, მაის სანდუმ დამაჯერებლად აჯობა პრორუსულ პოლიტიკოსს, იგორ დოდონს, არჩევნების მეორე ტურში 15 ნოემბერს.

კენჭისყრას მიიჩნევდნენ თავისებურ რეფერენდუმად იმის გასარკვევად, დაუახლოვდება ევროკავშირს თუ დაუბრუნდება რუსეთის ორბიტას უკრაინასა და რუმინეთს შორის მოქცეული ყოფილი საბჭოთა ქვეყანა. სანდუმ, 16 ნოემბერს, განაცხადა, რომ უზრუნველყოფს რეალურ ბალანსს საგარეო პოლიტიკაში რუსეთსა და დასავლეთს შორის. „გვექნება პრაგმატული დიალოგი ყველა ქვეყანასთან, უკრაინის, რუმინეთის, ევროპის ქვეყნების, აშშ-ის და რუსეთის ჩათვლით“, თქვა სანდუმ და დასძინა, რომ ყველამ უნდა ნახოს გაუმჯობესება, მათაც, ვინც ჩემს ოპონენტს მისცეს ხმა, აქ არ არიან გამარჯვებულები და დამარცხებულები“, თვლის მოლდოვის არჩეული პრეზიდენტი.

მისმა მეტოქემ, იგორ დოდონმა სწრაფად აღიარა დამარცხება. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პაუტინმა, რომელიც ღიად ემხრობოდა დოდონს, მალე მიულოცა სანდუს არჩევნებში გამარჯვება. მაია სანდუს გამარჯვება მიულოცა ევროპის კომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ვონ დერ ლაიენმა.

15 ნოემბერს ჩატარებული მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, მიცემული ხმების თითქმის 100% დათვლილი იყო, როცა გავრცელდა ცნობა, რომ პროევროპული ორიენტაციის კანდიდატი მაია სანდუ ხმების 57%-ით იმარჯვებს. მოლდოვის მოქმედმა პრეზიდენტმა, პრორუსულად განწყობილმა იგორ დოდონმა 43% მიიღო.

მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 1 ნოემბერს ჩატარდა, მაია სანდუმ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მაგრამ ვერ შეძლო გამარჯვებისთვის აუცილებელი 50%-იანი ბარიერის გადალახვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG