Accessibility links

site logo site logo

მაიკ პომპეოს დასახვედრად ოპოზიციამ აქცია გამართა


ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე და უნდობლობას უცხადებენ ცესკოს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს დასახვედრად თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე აქცია გამართეს. ოპოზიცია აცხადებს, რომ ამით, ერთი მხრივ, პატივისცემას გამოხატავენ მაიკ პომპეოს მიმართ, მეორე მხრივ კი ჩატარებული არჩევნების ხარისხზე აცნობებენ.

მოქალაქეებს, რომლებიც ფილარმონიიდან პარლამენტის შენობამდე, რამდენიმე ასეულ მეტრზე ცოცხალი ჯაჭვი აქვთ შექმნილი, ხელში უჭირავთ ცესკსო ოქმების ანალოგი სტიკერები, რომელსაც ახლავს წარწერა "გაყალბებულია".

ჯაჭვში მდგარ მოქალაქეებს ხელში უჭირავთ ამერიკისა და საქართველოს დროშები. ისინი ორმეტრიანი დისტანციით დგანან ჯაჭვში.

მაიკ პომპეო საქართველოში გუშინ, 17 ნოემბერს ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. პომპეო არ გეგმავს ოპოზიციასთან შეხვედრას.

მაიკ პომპეოს ჩამოსვლის შემდეგ აშშ-ის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ „სახელმწიფო მდივანი აქ იმყოფება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, ჩვენი საერთო ღირებულებების, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას. სახელმწიფო მდივანი პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევას და ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე“.

მაიკ პომპეოს ვიზიტის გამო ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე გამართავს "ცოცხალი ჯაჭვის" აქციას. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, აქციას ორი მიზანი აქვს - სახელმწიფო მდივნის ვიზიტისადმი პატივისცემის გამოხატვა და საქართველოში არჩევნების გაყალბებისადმი ყურადღების მიპყრობა.

მაიკ პომპეო აშშ-ის რესპუბლიკელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზეა 2018 წლის აპრილიდან. აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგებით, 2021 წლის 20 იანვრიდან ქვეყანას სათავეში უნდა ჩაუდგეს დემოკრატი ჯო ბაიდენი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG