Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა სამხედროების გაგზავნას აზერბაიჯანში


თურქეთის საკანონმდებლო ორგანოს, დიდი ეროვნული კრების გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის წინადადებას აზერბაიჯანში თურქი სამხედროების გაგზავნის შესახებ.

სააგენტო „ანადოლუს“ თანახმად, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიემხრო როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიები. მხოლოდ სახალხო დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები წავიდნენ შესაბამისი რეზოლუციის წინააღმდეგ.

ერდოანის მიერ ინიცირებული პროექტი ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონიტორინგზე პასუხისმგებელი თურქეთისა და რუსეთის ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის შექმნას აზერბაიჯანის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ბაქო განსაზღვრავს.


„ცენტრის მუშაობა მიმართული იქნება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფისკენ მიმართული ნაბიჯების ფონზე, რაც ასახულია გაეროს უშიშროების საბჭოსა და ეუთოს შესაბამის რეზოლუციებში. სამხედროების გაგზავნა აზერბაიჯანში ასევე შეესაბამება თურქეთის ეროვნულ ინეტერესებს“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

გასულ კვირაში თურქეთმა განაცხადა რუსეთთან ხელმოწერილი რეფერენდუმის შესახებ, რომელიც მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესანარჩუნებლად ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის შექმნას ითვალისწინებს.

მთიანი ყარაბაღის გაშემო 27 სექტემბრიდან მიმდინარე სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ, 9 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან, ილჰამ ალიევსა და ვლადიმირ პუტინთან ერთად ხელი მოაწერა მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას.



მხარეთა მიერ მიღებული ერთობლივი განცხადების საფუძველზე, 10 ნოემბერს, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სრულად შეწყდა ცეცხლი და ყველა სამხედრო მოქმედება და აზერბაიჯანი და სომხეთი ჩერდებიან დაკავებულ პოზიციებზე; აღდამის რაიონი და სომხური მხარის მიერ გაზახის რაიონში დაკავებული ტერიტორიები აზერბაიჯანს უბრუნდება 2020 წლის 20 ნოემბრამდე; გამყოფი ხაზის და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ განთავსება დაიწყო რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტმა.



ამავე შეთანხმებით, 2020 წლის 15 ნოემბრამდე სომხეთი აზერბაიჯანს უბრუნებს ქელბაჯარის რაიონს და 1 დეკემბრამდე ლაჩინის რაიონს და იტოვებს ლაჩინის 5-კილომეტრიან დერეფანს, რომელიც უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის კავშირს სომხეთთან, თუმცა არ შეეხება ქალაქ შუშას. იძულებით გადაადგილებული პირები და დევნილები ბრუნდებიან მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და მის მიმდებარე რაიონებში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კონტროლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG