Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო, არაფორმალური მმართველობა - არასამთავრობოები მაიკ პომპეოსთან შეხვედრის თემებს ასახელებენ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ შეხვედრის მთავარი თემა სასამართლო ხელისუფლება და არაფორმალური მმართველობა იყო. მათი განმარტებით, არჩევნებთან დაკავშირებით საუბარი მხოლოდ სასამართლო ხელისუფლების ჭრილში იყო.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელმა, გია გვილავამ თქვა, რომ სასამართლო ხელისუფლების პრობლემებზე საუბრისას ყურადღება გამახვილდა რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე, მათ შორის, "კარტოგრაფებისა" და ანაკლის პორტის საქმეებზე.

"ჩვენ ვმუშაობთ სასამართლო სისტემაზე. ის, რომ ისინი მხოლოდ ჩვენ შეგვხვდნენ, ნიშნავს, რომ ყველაზე მეტად ამ ხალხს ანაღვლებს სასამართლო. სასამართლო არის ამ ქვეყნის სირცხვილი გარეთ - ისეთი ცუდები არიან, რომ გვარცხვენენ", - თქვა გვილავამ.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო ევგენიძე აცხადებს, რომ მათ პომპეოსთან შეხვედრის შესაძლებლობა გამოიყენეს იმისთვის, რომ ყველა მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებ მიეწოდებინათ ინფორმაცია.

"პირველ რიგში, ეს არის კანონის უზენაესობის, სასამართლო ხელისუფლების, დემოკრატიული მმართველობიდან უკუსვლის მიმართულება. ყურადღება გავამახვილეთ არაფორმალურ მმართველობაზე, რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიული განვითარებისთვის. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს კოზირი ყოველთვის იყო, რომ საქართველო ყოველთვის იყო დემოკრატიული განვითარების გზაზე და ამიტომ გამოირჩეოდა სხვა ქვეყნებთან შედარებით", - თქვა ევგენიძემ.

მაიკ პომპეო საქართველოში გუშინ, 17 ნოემბერს ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. პომპეო არ გეგმავს ოპოზიციასთან შეხვედრას.

მაიკ პომპეოს ჩამოსვლის შემდეგ აშშ-ის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ „სახელმწიფო მდივანი აქ იმყოფება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, ჩვენი საერთო ღირებულებების, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას. სახელმწიფო მდივანი პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევას და ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე“.

მაიკ პომპეოს ვიზიტის გამო ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე გამართავს "ცოცხალი ჯაჭვის" აქციას. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, აქციას ორი მიზანი აქვს - სახელმწიფო მდივნის ვიზიტისადმი პატივისცემის გამოხატვა და საქართველოში არჩევნების გაყალბებისადმი ყურადღების მიპყრობა.

მაიკ პომპეო აშშ-ის რესპუბლიკელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზეა 2018 წლის აპრილიდან. აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგებით, 2021 წლის 20 იანვრიდან ქვეყანას სათავეში უნდა ჩაუდგეს დემოკრატი ჯო ბაიდენი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG