Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზალკალიანი მაიკ პომპეოსთან შეხვედრისგან მნიშვნელოვან შედეგებს ელოდება


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ შინაარსობრივად, არამედ დროის თვალსაზრისითაც.

მთავრობის ადმინისტრაციაში მაიკ პომპეოს და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვედრის შემდეგ დავით ზალკალიანმა მედიას აცნობა, რომ შინაარსიანი და საგნობრივი საუბარი იყო აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებაზე.

ზალკალიანის თქმით, პრემიერ-მინისტრმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აუცილებელია საქართველოში აშშ-ის ჩართულობის კიდევ უფრო გაზრდა:„მხედველობაშია აშშ-ის მეტი ყოფნა საქართველოში ყველა მიმართულებით, როგორც თავდაცვის და უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური მიმართულებით. ასევე, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით და ვფიქრობ, ეს შეხვედრა ჩვენ მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებს მოგვიტანს“.

დავით ზალკალიანის ინფორმაციით, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, საგნობრივი, დეტალური საუბარი იყო უსაფრთხოების სერიოზულ გამოწვევებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე: „ვთანხმდებით ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, რომ ამერიკის გარეშე საქართველოს ძალიან გაუჭირდება ამ გამოწვევებთან გამკლავება. ამიტომ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან არის სრული მზაობა, რომ ის პარტნიორობა და სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც მართლაც უმაღლეს ნიშნულზეა, კიდევ არის შესაძლებლობა, რომ განვითარდეს, თვისობრივად ახალ დონეზე ავიდეს".

დავით ზალკალიანის განცხადებითვე, განხილული თემები აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მომავალში უნდა ველოდოთ ამერიკის მეტ ჩართულობას და მეტ აქცენტებს რეგიონთან და საქართველოსთან მიმართებაში, რადგან კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო არის რეგიონში აშშ-ის ყველაზე ახლო მოკავშირე, სანდო პარტნიორი და დასაყრდენი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დღეს, 18 ნოემბერს თბილისში შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და კათოლიკოს-პატრიარქს.

პომპეო თბილისში 17 ნოემბერს, საღამოს ჩამოვიდა. საქართველოში ვიზიტამდე საფრანგეთსა და თურქეთში იმყოფებოდა, თბილისიდან კი ისრაელში გაემგზავრა.

მაიკ პომპეო აშშ-ის რესპუბლიკელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზეა 2018 წლის აპრილიდან. 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, 2021 წლის 20 იანვრიდან ქვეყანას სათავეში უნდა ჩაუდგეს დემოკრატი ჯო ბაიდენი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG