Accessibility links

site logo site logo

აშშ საქართველოს ოპოზიციას: გამოიყენეთ არსებული ინსტიტუტები


ოპოზიციის მომხრეთა საპროტესტო აქცია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს ოპოზიციას, ბრძოლა პარლამენტის შიგნიდან გააგრძელოს და უარი თქვას ბოიკოტზე. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა ეს განცხადება 18 ნოემბერს, თბილისში ჩატარებულ ბრიფინგზე გააკეთეს, რომელსაც უცხოეთის მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციაა, რომ დარღვევებთან ბრძოლისთვის საჭიროა არსებული ინსტიტუტების გამოყენება, მათი დახვეწა და არა მათზე უარის თქმა. „ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ შევიდნენ პარლამენტში, განახორციელონ საარჩევნო სისტემის მნიშნელოვანი ცვლილებები, რათა მომდევნო არჩევნები უკეთ ჩატარდეს და აღარ ვნახოთ - მათ არ ნახონ - იმავე ტიპის დარღვევების განმეორება“, - თქვა ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რომელმაც ასევე ახსენა - „ბოიკოტისკენ მოწოდებისას რჩება შთაბეჭდილება, რომ უკვე ნანახ ფილმს კიდევ ერთხელ ვუყურებთო“.

ბრიფინგზე განაცხადეს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმაც და საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც რამდენიმე შეხვედრა ჩაატარეს ოპოზიციასთან, სადაც რამდენჯერმე დააფიქსირეს ერთობლივი პოზიცია: „თქვენმა მხარდამჭერებმა აგირჩიეს იმისათვის, რომ პარლამენტში შესულიყავით და ცვლილებები განგეხორციელებინათ“.

ბრიფინგზე ითქვა, რომ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ყოველთვის იჩენდა თავს ერთი და იმავე ტიპის დარღვევები: ხმების ყიდვა, ამომრჩეველთა დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება და ამ მხრივ გამონაკლისი არც 2020 წელი ყოფილა.

თუმცა, ბრიფინგზე ასევე განაცხადეს, რომ ეუთოს და სხვების შეფასებითაც, წელს ჩატარებული არჩევნები კონკურენტული იყო და გარკვეული კუთხით სხვებზე უმჯობესიც კი - იკლო სიძულვილის ენამ და აგრესიული ტაქტიკის გამოყენების შემთხვევებმა. „თუმცა, დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ხმების ყიდვის და ამომრჩეველთა დაშინების შემთხვევები. ეს ჩვენმა გუნდმაც ნახა. ეს საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებაშიც აისახა“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.

შეკითხვაზე, თუ რატომ არ შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ოპოზიციას, სახელწმიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ მისი ვიზიტის მიზანი მთელი ქვეყნის, მისი ინსტიტუტების, მოქალაქეების და ტრანსატლანტიკური მომავლის მხარდაჭერის დემონსტრირება იყო და არა „საშინაო პოლიტიკურ კამათსა და არეულობაში“ ჩართვა. აშშ გააგრძელებს ყველა მხარესთან ლაპარაკს, სათქმელი კი იგივე დარჩება - „გააძლიერეთ საარჩევნო პროცესი, მისი უარყოფის ნაცვლად“ - ითქვა ბრიფინგზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG