Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურა ჯაფარიძე ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე: ოპოზიცია ისეთივე ერთსულოვანი იყო, როგორც აქამდე


ზურა ჯაფარიძე
ზურა ჯაფარიძე

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერს ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთი შეფასებები გააცნეს 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ისაუბრეს ასევე ოპოზიციის სამოქმედო გეგმებზე.

არანაირი პირდაპირი მოწოდება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით არ ყოფილა, - უთხრა შეხვედრის დასრულების შემდეგ ზურა ჯაფარიძემ მედიის წარმომადგენლებს:

„არანაირი პირდაპირი მოწოდება არ ყოფილა, ეს შეუძლებელიც არის, თუმცა მისი მხრიდან შემოთავაზებული იყო, ხომ არ სჯობია, რომ ინსტიტუტების გამოყენებით სცადოთ გაგრძელება ბრძოლის, რაზეც ჩვენ ავუხსენით, რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს. შესაბამისად, ის, რაც შეიძლება მუშაობდეს რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში, მაგალითად, სასამართლო ან საარჩევნო კომისია, მსგავსი ინსტიტუტები საქართველოში უბრალოდ არ არსებობს და ამიტომ ინსტიტუტების გამოყენებით ბრძოლა უშინაარსოა. თავს ხომ არ მოვიტყუებთ? ასე ავუხსენით ზუსტად“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ, რომლის თქმითაც, ოპოზიცია ამ შეხვედრაზე ისეთივე ერთსულოვანი იყო, როგორც აქამდე, მათ შორის, მოლაპარაკებების რაუნდებზე.

„პარლამენტში შესვლა ამ რეალობაში, რა რეალობაშიც ვართ, შეუძლებელია. არც ერთი პარტია არ შევა ამ რეალობაში. გამოსავალი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც შეიძლება მიღწეული იყოს მხოლოდ და მხოლოდ იმ მოლაპარაკების მაგიდაზე, რომელსაც მოდერაციას უკეთებენ ამერიკის ელჩი და ევროკავშირის ელჩი“, - აღნიშნა ზურა ჯაფარიძემ მედიასთან.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს ოპოზიციას, ბრძოლა პარლამენტის შიგნიდან გააგრძელოს და უარი თქვას ბოიკოტზე. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა ეს განცხადება 18 ნოემბერს, თბილისში ჩატარებულ ბრიფინგზე გააკეთეს, რომელსაც უცხოეთის მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, რომელიც შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, კათოლიკოს-პატრიარქს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. მოლოდინის მიუხედავად, ის არ შეხვედრია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც მასთან 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საკითხზე აპირებდნენ საუბარს.

პომპეოს გამგზავრების შემდეგ ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ რიკერი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG