Accessibility links

ადამიანის უფლებათა სასამართლო: როინ შავაძის მიმართ დაირღვა სიცოცხლის უფლება


როინ შავაძე

2020 წლის 19 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ – გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის („სიცოცხლის უფლება“) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქმე ეხება მომჩივან ციცინო შავაძის მეუღლის, ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, როინ შავაძის, გარდაცვალების ფაქტს.

„2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა როინ შავაძე ბათუმში ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ადგილზე მყოფმა თვითმხილველებმა შემდგომ განაცხადეს, რომ როინ შავაძე სამართალდამცველთა მიერ სასტიკად იყო ნაცემი, მას „სახელმწიფოს მოღალატე“ უწოდეს და წაიყვანეს მანქანით. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მისი მეუღლე დაიღუპა სასტიკი არასათანადო მოპყრობის შედეგად; გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნებოდა წამების აშკარა ნიშნები. მომჩივანი უთითებდა ვიდეომასალაზე, სადაც აღბეჭდილი იყო მისი მეუღლის დაზიანებები, მათ შორის, ფართო ღრმა ჭრილობები და დამტვრეული თითები“, - წერია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდაცვლილის ქვრივი წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ არ ყოფილა არავითარი გაქცევის მცდელობა და, რომ სერჟანტი როინ შავაძე სამართალდამცველებმა მოკლეს შურისძიების მიზნით, როგორც გამყიდველი ჯარისკაცი, რომელმაც რუსეთ-საქართველოს ომის დროს თითქოსდა რუსეთის საოკუპაციო ნაწილებს საიდუმლო ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს სამხედრო ნაწილების გადაადგილებისა და სამხედრო ტექნიკის დისლოკაციის შესახებ.

2008 წლის აგვიტოს ომის დროს სერჟანტი შავაძე სენაკის ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მზვერავად მსახურობდა.

ადვოკატი რამინ პაპიძეც ამტკიცებდა, რომ, სანამ მოკლავდნენ, სერჟანტი როინ შავაძე ცემით გამოიყვანა სახლიდან 20-მდე სპეცრაზმელმა შეძახილებით მოღალატეა, მორალატეო.

ციცინო შავაძის სარჩელის მიხედვით, როინ შავაძის მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით დაცული „სიცოცხლის უფლება“. მოსარჩელის თანახმად, მისი მეუღლე, როინ შავაძე წამებით იქნა მოკლული სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ 2008 წელს, ხოლო მკვლელობის ფაქტი არაფექტიანად იქნა გამოძიებული ჯერ შს სამინისტროს, ხოლოდ შემდეგ საქართველოს პროკურატურის მიერ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ როინ შავაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ხელში გარდაიცვალა 2008 წლის 16 აგვისტოს და მომხდარი ფაქტის შემდეგ გამოძიება იმავე ორგანომ დაიწყო და არა პროკურატურამ, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებდა:

„მოგვიანებით საქმე პროკურატურას გადაეცა, თუმცა გამოძიება ეყრდნობოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს. ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების მიერ განხორციელებული პირველადი და ყველაზე გადამწყვეტი საგამოძიებო მოქმედებები აშკარად არღვევდა კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნებს. როგორც საქმეებში – „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“ და „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ – სტრასბურგის სასამართლოს მიერ იქნა დადგენილი, ამგვარი პროცედურული ხარვეზი არსებითად უშლის ხელს შემდგომი გამოძიების ეფექტურობას. ზემოაღნიშნულის გამო სტრასბურგის სასამართლომ ჩათვალა, რომ გამოძიება არ იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა მის გაჭიანურებაზე. შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა“.

გამოძიების ოფიციალური პოზიციის მიხედვით, სამართალდამცველებმა როინ შავაძის წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს მისი უკანონო გაქცევის თავიდან ასაცილებლად, თუმცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწვეტილების მიხედვით, ამის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება საქართველოს მხარეს არ წარმოუდგენია.

სასამართლომ, ასევე, აღნიშნა, რომ, მიუხედავად მომჩივნის, ციცინო შავაძის არაერთი მოთხოვნისა 2008-2011 წლებში, მას არ მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი და, შესაბამისად, არ ჰქონდა წვდომა გამოძიების მასალებზე, მათ შორის, გარდაცვლილი მეუღლის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნაზე.

ევროპულმა სასამართლომ, აგრეთვე, მხედველობაში მიიღო თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები და ვიდეომასალა, რომელზეც მკაფიოდ იყო აღბეჭდილი დაზიანებები, რაც არ შეესაბამებოდა ოფიციალურ პოზიციას, რომ როინ შავაძისთვის სიცოცხლის მოსპობა მოხდა მისი გაქცევის თავიდან ასაცილებლად გამოყენებული ძალის შედეგად. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მე-2 მუხლის („სიცოცხლის უფლება“) არსებითი მხარის დარღვევას.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას ასევე დააკისრა მომჩივნის სასარგებლოდ 40 000 ევროს გადახდა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG