Accessibility links

დეგნანის თქმით, პომპეომ საქართველოს მოუწოდა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გატარებისკენ  


კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის შესახებ ვიდეომიმართვას აქვეყნებს. მისი თქმით, საელჩო ამაყობს, რომ უმასპინძლა სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და ქალბატონ პომპეოს საქართველოში.

დიპლომატი საქართველოში მაიკ პომპეოს ჩამოსვლის მიზნის შესახებ ლაპარაკობს და ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხებზე, რაც სახელმწიფო მდივანმა საქართველოს წინაშე დააყენა - საარჩევნო და სასამართლო რეფორმა.

„სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩამოვიდა საქართველოში, რათა გამოეხატა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს არჩევანის მტკიცე მხარდაჭერა, გაღრმავდეს ევროატლანტიკური კავშირები, და კიდევ ერთხელ დაედასტურებინა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის ფონზე.

ვიზიტის დროს სახელმწიფო მდივანმა პომპეომ ხაზი გაუსვა ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს. ეს ღირებულებები - დამოუკიდებლობა, პატივისცემა, ტოლერანტობა და თავისუფლება ქმნის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველს. სახელმწიფო მდივანმა პომპეომ აგრეთვე მოუწოდა საქართველოს, განაგრძოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და დემოკრატიული პროცესების გაღრმავება და გააკეთოს გადამწყვეტი მნიშვნელობის საქმე, რაც არის საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელება", - აცხადებს კელი დეგნანი.

დიმლომატი ოფიციალურ შეხვედრებზე განხილული საკითხების შესახებ ამბობს: „ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთან მტკიცე ორმხრივი დღის წესრიგი აქვს. სახელმწიფო მდივანმა პომპეომ საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანთან ნაყოფიერი შეხვედრების დროს განიხილა რიგი საკითხები, მათ შორის საქართველოს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, მისი ძალისხმევა, ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას და ააშენოს თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტები, და ჩვენი პარტნიორობა გლობალური უსაფრთხოების გასაძლიერებლად".

ელჩი გამოყოფს ილია მეორესთან შეხვედრას. „სახელმწიფო მდივანი, ასევე, შეხვდა მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ისე როგორც საუკუნეების განმავლობაში, დღესაც ასრულებს სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს საქართველოს უნიკალური კულტურისა და ტრადიციების დაცვაში.

სახელმწიფო მდივანმა პომპეომ ხაზი გაუსვა საქართველოს როლს რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო ალიანსში და აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობა და დაცვა, რათა ყველას ჰქონდეს საკუთარი რელიგიის თუ რწმენის აღმსარებლობის თავისუფლება", - აღნიშნავს დეგნანი.

დიპლომატი კიდევ ერთხელ უბრუნდება სასამართლოს საკითხს და მიუთითებს, რომ სახელმწიფო მდივანმა პომპეომ თავისი ვიზიტი დაასრულა სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან დისკუსიით იმაზე, თუ რა კეთდება სასამართლო რეფორმის განსახორციელებლად და როგორია დამოუკიდებელი სასამართლოს როლი ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში.

ბოლოს დეგნანი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო მდივან პომპეოს ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედრის მონაწილეებისაგან მოესმინა, თუ რას აკეთებენ ისინი იმისათვის, რომ ასრულდეს მათი ოცნება ძლიერ და აყვავებულ სახელმწიფოზე. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი, სახელმწიფო მდივნისათვის ეს შეხვედრები იყო შესაძლებლობა, მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას მიაღწია საქართველომ 30 წლის განმავლობაში.

„სახელმწიფო მდივნისა და ქალბატონი პომპეოს ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული ახლო, სტრატეგიული პარტნიორობისა.
ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ჩვენს მეგობარს, რამდენადაც გრძელდება საქართველოს ძალისხმევა, გაღრმავდეს მისი ევროატლანტიკური კავშირები, ხელი შეუწყოს ეკონომიკას და შეიტანოს წვლილი უსაფრთხოების განმტკიცებასა და სტაბილურობაში რეგიონსა და მის გარეთ", - აცხადებს დეგნანი.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მაიკ პომპეო შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, კათოლიკოს-პატრიარქს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.

პომპეოს გამგზავრების შემდეგ ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ რიკერი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG