Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა მაკრონმა იმამებს მოთხოვა საერო ფასეულობათა ქარტიის მიღება


საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მუსლიმი სასულიერო პირებისგან მოითხოვა რესპუბლიკური ფასეულობების ქარტიის მიღება.

ელისეს სასახლის ინფორმაციით, მაკრონი 18 ნოემბერს შეხვდა მუსლიმური კულტის საბჭოს(CFCM) ხელმძღვანელებს და ქარტიის მისაღებად 15 დღეს მისცა. ქარტიით აღიარებული უნდა იყოს საფრანგეთის რესპუბლიკის ფასეულობები, ისლამი განისაზღვროს ერთ-ერთ რელიგიად და არა პოლიტიკურ მოძრაობად და აიკრძალოს საფრანგეთის მუსლიმთა თემებში უცხოეთიდან ჩარევა.

მუსლიმური კულტის საბჭომ უნდა შექმნას იმამთა სახელმწიფო საბჭო, რომელიც მუსლიმი სასულიერო პირების აკრედიტაციას უზრუნველყოფს და ქარტიის პრინციპებიდან გადახვევის შეთხვევაში, მათი გაწვევის უფლება ექნება.

საფრანგეთის მუსლიმური კულტის საბჭოში გაერთიანებულია მუსლიმთა ცხრა ფედერაცია. მათ ლიდერებს პრეზიდენტმა მაკრონმა ასევე აცნობა, რომ მომზადებულია ახალი კანონპროექტი მუსლიმთა რადიკალიზაციის აღსაკვეთად. სხვა პუნქტებთან ერთად, ეს დოკუმენტი ითვალისწინებს ბავშვების სახლში სწავლების შეზღუდვას და სასჯელს მათთვის, ვინც რელიგიური შეხედულებების საბაბით სხვებს ემუქრება. საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტი კანონპროექტზე 9 დეკემბერს იმსჯელებს.

2020 წლის შემოდგომაზე საფრანგეთში რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს რადიკალურად განწყობილმა მუსლიმებმა. სექტემბერში, 18 წლის ეთნიკურმა ჩეჩენმა პარიზის გარეუბანში მოკლა პედაგოგი სემუილ პატი. მან გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრისას მოსწავლეებს მაგალითად მოუყვანა მუჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურა. ოქტომბერში, ტუნისელმა მიგრანტმა ქალაქ ნიცაში მოკლა სამი ადამიანი. თავდამსხმელი გაჰყვიროდა: „ალაჰუ აკბარ“ (დიდ არს ალაჰი). იმავე დღეს, ასეთივე შეძახილით საფრანგეთის ქალაქ ავინიონში ხალხზე თავდასხმა სცადა დანით შეიარაღებულმა პირმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG