Accessibility links

აზერბაიჯანის არმია შევიდა ყარაბაღის მოსაზღვრე აღდამის რაიონში


სომხეთის არმია ტოვებს აღდამის რაიონს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 20 ნოემბერს აზერბაიჯანის არმია შევიდა მთიანი ყარაბაღის მოსაზღვრე აღდამის რაიონში, რომლის დატოვებასაც სომხეთს 10 ნოემბერს მიღწეული სამმხრივი მემორანდუმი ავალდებულებდა.

ადგილობრივი სომხური მოსახლეობის შემდეგ, სულ ბოლოს, 19 ნოემბერს, აღდამი სეპარატისტული ყარაბაღის საჯარისო ნაწილებმაც დატოვეს.

„აზერბაიჯანის პრეზიდენტის, სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი სამმხრივი მემორანდუმის თანახმად აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფები 20 ნოემბერს შევიდნენ აღდამის რაიონში“, - ნათქვამია აზერბაიჯანის სამხედრო უწყების განცხადებაში.


ამ ინფორმაციას მოჰყვა საყოველთაო ზეიმი აზერბაიჯანში, რომელმაც აღადგინა კონტროლი კიდევ ერთ რაიონზე, რომელსაც 1992 წლიდან აკონტროლებდნენ სომხეთის სეპარატისტული ძალები.


აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, აღდამის შესასვლელთან ასეულობით ადამიანია თავშეყრილი. ისინი სკანდირებენ: „აღდამი აზერბაიჯანია! ყარაბაღი - აზერბაიჯანია!“



მთიანი ყარაბაღის გარშემო 27 სექტემბრიდან მიმდინარე სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ, 10 ნოემბერს აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი შეთანხმდნენ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე.



მხარეთა მიერ მიღებული ერთობლივი განცხადების საფუძველზე, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სრულად შეწყდა ცეცხლი და ყველა სამხედრო მოქმედება და აზერბაიჯანი და სომხეთი ჩერდებიან დაკავებულ პოზიციებზე; სამმხრივი შეთანხმებით სომხეთმა ვალდებულება აიღო, რომ 1 დეკემბრამდე აზერბაიჯანს დაუბრუნებს ქელბაჯარის, აღდამისა და ლაჩინის რაიონებს, გარდა სომხეთსა და სეპარატისტულ ანკლავს შორის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნისა, რომელზეც კონტროლი რუს მშვიდობისმყოფელებს დაეკისრათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG