Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირმა ინაშვილი: ყველა შემთხვევაში უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები


ირმა ინაშვილი
ირმა ინაშვილი

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მან ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გამოსავალი შექმნილ კრიზისულ ვითარებაში მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნაა.

„ჩვენ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს ევროკავშირის ელჩთან საქართველოში. ეხლა კიდევ ერთხელ ჩვენ გავცვალეთ ჩვენი მოსაზრებები, კიდევ ერთხელ დავაფიქსირე ჩვენი პარტიის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ გამოსავალი შექმნილ ვითარებაში არის მხოლოდ და მხოლოდ ახალი ხელახალი არჩევნების დანიშვნაში. ეს იქნება 45 დღეში, როგორც უკვე ვთქვი მე, თუ ეს იქნება გაზაფხულზე, ყველა შემთხვევაში უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები“, - ირმა ინაშვილმა მედიასთან კომენტარში განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ადგილას თავად აუცილებლად მიიღებდა ხელახალი არჩევნების გამართვის გადაწყვეტილებას:

„ქართული ოცნება“ თუ ამტკიცებს, რომ ის არის ძლიერი, მას აქვს ამომრჩევლის მხარდაჭერა და მას არა აქვს შიშები და ფობიები, მაშინ როგორც ძლიერმა ხელისუფლებამ სწორედაც რომ მან უნდა განახორციელოს ეს ინიციატივა. აი, მე რომ ვიყო ხელისუფლება და ვიყო ასეთი პოლიტიკური კრიზისის ვითარებაში, მე გამოვიდოდი და ვიტყოდი, რომ არ მეშინია, კიდევ ერთხელ დავდო შედეგი, არ მეშინია ხელახალი არჩევნების ჩატარების, მე არ გავაღრმავებ პოლიტიკურ კრიზისს და დავნიშნავ ხელახალ არჩევნებს გაზაფხულზე, ვთქვათ. მოვამზადებ სათანადო საკანონმდებლო ცვლილებებს, განვახორციელებ ამას ოპოზიციასთან ერთად და კიდევ ერთხელ დავდებ შედეგს“, - ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ აქვს რამდენიმე ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, როგორ და რა ტიპის საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს კრიზისიდან გამოსასვლელად, მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნის გზით.

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში დილიდან დაიწყო ცალ-ცალკე შეხვედრები ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას ცესკოს ახალი შემადგენლობის მიერ.

აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების მონაწილეობით ოპოზიციური პარტიების და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა ორი შეხვედრა გაიმართა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ხელახალი არჩევნების საკითხს პარტია არ განიხილავს. დაგეგმილია მოლაპარაკების მესამე რაუნდი, თუმცა, მისი კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენელთა პოზიციაა, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში ბარიერი გადალახეს, პარლამენტში უნდა შევიდნენ და პარლამენტიდან იზრუნონ პრობლემური საკითხების მოგვარებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG