Accessibility links

site logo site logo

გრიგოლ ვაშაძე: ვერც ერთი ფასილიტატორი ჩვენს მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს


გრიგოლ ვაშაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან შეხვედრაზე მან გაიმეორა ის მოთხოვნები, რომლებსაც ოპოზიცია პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად აყენებს.

„ჩვენს ფასილიტატორებს კიდევ ერთხელ გავუმეორე, რომ ყველაზე მთავარი ოპოზიციის მოთხოვნებში არის ვადამდელი არჩევნები, სრულიად ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და პოლიტპატიმრების გათავისუფლება“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნებისგან“ კომპრომისულ წინადადებებს ელოდება, რადგან 2021 წელი „ძალიან სახიფათო იქნება“, ფასილიტატორები კი გადაწყვეტილებებს ქართველი პოლიტიკოსების გარეშე ვერ მიიღებენ:

„2021 წელი იქნება ძალიან სახიფათო ყველა თვალსაზრისით - გნებავთ ეკონომიკური, გნებავთ პოლიტიკური, გნებავთ სოციალური, გნებავთ საგარეო-პოლიტიკური. იქნება ძალიან სახიფათო, ამიტომ რაც უფრო ქართველები ერთმანეთში მოვნახავთ კომპრომისს, მოვილაპარაკებთ იმაზე, რაც დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეს, მით უკეთესი. დამიჯერეთ, ვერც ერთი ფასილიტატორი ჩვენს მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ, რომელმაც ასევე პასუხი გასცა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, მოსალოდნელია თუ არა ოპოზიციის შესვლა პარლამენტში:

„როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ პარლამენტში შესვლა, როცა 100 პროცენტი ყველა ოპოზიციური პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების ამის კატეგორიული წინააღმდეგია?“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში დილიდან დაიწყო ცალ-ცალკე შეხვედრები ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას ცესკოს ახალი შემადგენლობის მიერ.

აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების მონაწილეობით ოპოზიციური პარტიების და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა ორი შეხვედრა გაიმართა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ხელახალი არჩევნების საკითხს პარტია არ განიხილავს. დაგეგმილია მოლაპარაკების მესამე რაუნდი, თუმცა, მისი კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენელთა პოზიციაა, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში ბარიერი გადალახეს, პარლამენტში უნდა შევიდნენ და პარლამენტიდან იზრუნონ პრობლემური საკითხების მოგვარებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG