Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოკერია: მთავარი არის ახალი, ნორმალური არჩევნების დანიშვნა


ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ „ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ თქვა, რომ „ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციის ნულოვანი ნდობა აქვს. ბოკერია მთავარ მოთხოვნად ახალი არჩევნების დანიშვნას ასახელებს.

„ტექნიკურად აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. მანამდე კი, უნდა მოხდეს შეთანხმება იმ წესების შეცვლაზე, რამაც ნაწილობრივ ამ კრიზისამდე მიგვიყვანა. მარტო თამარ ჟვანიას საკითხს კი არ ვგულისხმობ, მთელი რიგი საკითხებია, პოლიტპატიმრების გათავისუფლებით დაწყებული. როცა გონს მოვა ივანიშვილი, რომ ამ მიმართულებით წასვლა ერთადერთი გზა არის, მერე ვისაუბრებთ, ტექნიკურად როგორც მოხდება ეს ყველაფერი, მაგრამ საკითხის ისე დასმა, ამ პარლამენტში შევიდეს ვინმე და მერე ვნახოთ, იქნება არჩევნები თუ არაო, ეგ გამორიცხულია.

ივანიშვილს ჩვენი ნდობა ნული აქვს, რადგან გამოცდილება გვაქვს. მთავარი არის ახალი, ნორმალური არჩევნების დანიშვნა, თამარ ჟვანიას მოხსნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს არა მხოლოდ ოპოზიციის გამარჯვების, არამედ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის საკითხია. ეს არ ესმით ჯერ, მაგრამ პერსონალურად ივანიშვილისთვის გადარჩენის საკითხიცაა, ოღონდ ამას ჯერ ვერ ხვდებიან“, - თქვა გიგა ბოკერიამ.

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში დილიდან დაიწყო ცალ-ცალკე შეხვედრები ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას ცესკოს ახალი შემადგენლობის მიერ.

აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების მონაწილეობით ოპოზიციური პარტიების და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა ორი შეხვედრა გაიმართა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ხელახალი არჩევნების საკითხს პარტია არ განიხილავს. დაგეგმილია მოლაპარაკების მესამე რაუნდი, თუმცა, მისი კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენელთა პოზიციაა, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში ბარიერი გადალახეს, პარლამენტში უნდა შევიდნენ და პარლამენტიდან იზრუნონ პრობლემური საკითხების მოგვარებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG