Accessibility links

logo-print logo-print

ადვოკატის მტკიცებით, მიკროსაფინანსოში შეჭრილ კაცს ხელყუმბარის ფორმის სანთებელა ჰქონდა


კაცი, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისში შეიჭრა და მძევლები აიყვანა, მისივე ადვოკატების მტკიცებით, შეიარაღებული არ ყოფილა და ხელში ხელყუმბარის ფორმის სანთებელა ეკავა.

„ე.წ. ხელყუმბარა რაზეც საუბრობდნენ, ეს იყო სათამაშო, უფრო სწორად „ზაჟიგალკა“, რომელსაც ხელყუმბარის ფორმა აქვს. მეტი დამაჯერებლობისთვის, მან ეს უბრალოდ შეღება შავ ფერად. ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას, თუმცა მანამდე ჩვენც, პოლიციელებმაც და თითოეულმა ადამიანმა, ვინც იქ იყო, იცის ის, რომ ის არ იყო იარაღი“, - აცხადებს ადვოკატი ირმა ჭკადუა.

ლევან ზურაბაშვილი თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ-ბი-სის“ ოფისში 20 ნოემბერს, ხელში ყუმბარის მსგავსი ნივთით და შეუნიღბავად შეიჭრა და იქ მყოფი 9 ადამიანი მძევლად აიყვანა.

ზურაბიშვილმა თავისი მოთხოვნები „ფეისბუკ“-LIVE-ის საშუალებით გააჟღერა. 6-წუთიან ვიდეოში ის სოციალური საკითხების რეფორმას, საბანკო სესხების გაიაფებასა და აზარტული თამაშების აკრძალვას მოითხოვს.

ზურაბაშვილი მიკროსაფინანსოში შეჭრიდან, დაახლოებით, 5 საათში დააკავეს. მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ყაჩაღობის მუხლებით.

დაკავებულის ადვოკატი, ირმა ჭკადუა ამტკიცებს, რომ ლევან ზურაბაშვილს არც იარაღი ჰქონია და არც ყაჩაღობა ჩაუდენია.

„მას როგორც შეეძლო, ამ ქვეყნის მოქალაქემ, ამ ფორმით გააპროტესტა ის უსამართლობა, რაც ქვეყანაში ხდება“, - ამბობს ირმა ჭკადუა.

დაკავებულის კიდევ ერთი ადვოკატი ტვ „ფორმულასთან“ აცხადებს, რომ ზურაბაშვილმა პერფორმანსით გამოხატა პროტესტი აზარტული თამაშების, საბანკო პროცენტებისა და მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით.

ლევან ზურაბაშვილისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG