ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში მონაწილე ამომრჩეველთა აქტივობა 17 საათისთვის 20, 74 %-ს შეადგენს. რიცხობრივად ეს ნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილეობა ამ დროისათვის 443 963-მა ამომრჩეველმა მიიღო.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლის აქტივობის მაჩვენებელი 17 საათისთვის 30, 99 % იყო.
რეგიონების მიხედვით, 21 ნოემბრის 17 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა, 26,2% კახეთში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი, 17, 5% თბილისში.
რაც შეეხება აქტივობას მაჟორიტარული ოლქების მიხედვით, აქ 31,2 %-ით დაწინაურდა 30-ე ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულოს ოლქი. ყველაზე დაბალი აქტივობა კი თბილისის ნაძალადევის საარჩევნო ოლქში იყო, სადაც კენჭისყრაში მონაწილეობა ამომრჩევლის 16-მა %-მა მიიღო.
დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოს 17 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, ქუთაისში ასევე ტარდება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური.
არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. ისინი მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გაყალბებულია. პარლამენტში შესვლაზე ისინი უარს ამბობენ და მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას, ცესკოს ახალი შემადგენლობის მიერ.